ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ამირან გიგინეიშვილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი (მიღებულია 2014 წლის 24 ივლისს), მუხლი 87. "საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის განხილვის წესი" პუნქტი 2: "ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე". ახლა შემდეგი: ფბ – ზე მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაკა სულაბერიძე აქვეყნებს საკრებულოს სხდომის რეპორტაჟს: "29 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა."
პირველი საკითხზე, რომელიც ბიუჯეტში ცვლილებას ითვალისწინებდა, საფინანსო სამსახურის უფროსის მ / შ როლანდ ლაშხიამ ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტს "ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებათა და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის" დაემატა 20 000 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში ასახვას.
6 თვის შედეგების განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამა თუ იმ ღონისძიების დასაფინანსებლად საჭიროა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს დაემატოს 267 970 ლარი. "ჰოდა, ვისაც ეს ეხება იქნებ დაფიქრდეს 2 საკითხზე. 1. რატომ დაირღვა საკრებულოს რეგლამენტი მიღებიდან მეხუთე დღეს, იმით, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ კი არ გამოიტანა საბიუჯეტო ცვლილების საკითხი, არამედ სხვამ და რას ნიშნავს ფრაზა "ამა თუ იმ ღონისძიების დასაფინანსებლად საჭიროა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს დაემატოს 267 970 ლარი.". კონკრეტულად რა ღონისძიებებს? რატომაა დამალული? საკრებულოს წევრებმა მაინც თუ იციან ყურმოკვრით? და ბოლოს, არის თუ არა ბათილი საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც რეგლამენტის დარღვევით იქნა მიღებული?", _ წერს გიგინეიშვილი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის უფროსი, მაკა სულაბერიძე, ჩვენთან ამირან გიგინეიშვილის გავრცელებულ წერილზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
"სოციალური ქსელის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას ყველაფერი დეტალებში აღწერო, ამიტომ, არსებობს ოფიციალური გვერდი, სადაც ყველა დეტალი შეუძლია მოიძიოს თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს", _ გვითხრა სულაბერიძემ.