საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს ხელი მოაწერა "სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" განკარგულებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით პატარაიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია 280 პირი. ჟურნალისტებთან, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 23 ივლისამდე შეწყალების კომისიამ განიხილა 2743 პირის საქმე:
"პრეზიდენტის სახელზე შემოსული განცხადებებიდან განვიხილეთ 2743 საქმე, მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა შეწყალების კომისიის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, ხოლო 10 – არასრულწლოვანი. 280 მსჯავრდებულიდან სულ 169 პირი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალბატონი, 4 კი არასრულწლოვანია. დანარჩენ 111 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით შეეცვალა სასჯელი – ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მესამედი ჩამოაკლდა. 111 მსჯავრდებულს შორის 3 ქალბატონია, 6 არასრულწლოვანი ", – განაცხადა ზვიად ქორიძემ.