"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა, ლანჩხუთის პოლიციაში დღეს, 16:00 საათზეა დაბარებული.
ცნობისთვის, კახა ასკურავასთან დაკავშირებით გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოში, "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთეს:
"2014 წლის 25 ივლისს, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კახაბერ ასკურავა (პარტიული სიის პირველი ნომერი) თავის ძმასთან, გიორგი ასკურავასთან ერთად, მივიდა სამანდატო და იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძის (პარტია "ქართული ოცნება ") სამუშაო ოთახში, სადაც ბიწაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მან, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ, ქალაქ ლანჩხუთში მცხოვრებ ლილი ებრალიძეს. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია რომან ბიწაძის, სალომე ზენაიშვილის, ლილი ებრალიძისა და ნინო ებრალიძის ჩვენებებით.
კახა ასკურავა მუშაობდა გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილედ, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ. ამჟამად არის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატი."
თავად კახა ასკურავა, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ რომან ბიწაძემ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მომაყენა და ამის გამო მოსთხოვა პასუხი.
"ფიზიკურ დაპირისპირებას არ ყოფილა. ეს ეხებოდა პირადს და ამის გამო გავეცი პასუხი."
კახა ასკურავა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მას დეპუტატის მანდატი შეუჩერდეს.