(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირაში, ლანჩხუთის “გურიამ” გასვლითი შეხვედრა გამართა წალენჯიხაში. ეს შეხვედრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ კლუბის ისტორიაში პირველად ჩვენ მობურთალებს ფან-კლუბი ამხნევებდა. მათ “არსენალში” საყვირები და დროშები შედიოდა, მომდევნო შეხვედრებისთვის დოლიც ექნებათ და ფან-კლუბის მაისურებიც წარწერით _ “მე მიყვარს ლანჩხუთის “გურია”.
ჩვენ კლუბის ისტორიაში მეტად საინტერესო მოვლენის გასაშუქებლად წალენჯიხაში გავემგზავრეთ.
ძალიან მოგვეწონა სენაკის, ხობისა და მით უფრო ზუგდიდის ცენტრები. ისინი ლანჩხუთზე აშკარად უკეთ გამოიყურებიან, ქალაქის სარემონტო სამუშაოები და ინფასტრუქტურა ცენტრალურ ადგილებში უფრო გემოვნებიანად არის შესრულებული. რაც შეეხება წალენჯიხას, “ცოტათი გულზე მოგვეშვა” _ ამხელა რეგიონში ერთი ქალაქი მაინც ვნახეთ, “რომელსაც ვჯობივართ”.
მთავარი ბრძოლა წალენჯიხის სტადიონზე გვქონდა. ცოტათი შეგვაგვიანდა და ჭიშკართან ჩვენი ქომაგების ყიჟინა მოგვესმა, თუმცა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი იღბლიანი ფეხი გვექნებოდა _ სტადიონზე შესვლა და ვანო კილაძის გოლი ერთი იყო. დასაწყისშივე დაწინაურებულებს ფანები მხურვალედ ქომაგობდნენ. ჯერ კიდევ ბევრი რამ დასახვეწია, თუნდაც ის, რომ ჩვენს კართან შექმნილი ხიფათისას _ “გოლი! გოლი!” არ უნდა ვიყვიროთ (ერთხელ ასეთ შემთხვევაში მასპინძლებმა “სურვილი აგვისრულეს” და გოლი გაგვიტანეს), მაგრამ ამ ყველაფერს მოევლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “გურიას” ფან-კლუბი ჰყავს, რაც გუნდს იმის გარანტიას მისცემს, რომ მას ყველა თამაშზე ეყოლება ქომაგთა მინიმუმ 50-კაციანი ჯგუფი. როგორც ფან-კლუბს “შეჰფერის”, საყაიმო ანგარიშზე გოლის მოთხოვნაც დაიწყეს. ქომაგებს ფეხბურთელებმაც იმედი არ გაუცრუეს _ ჯერ გიგა კვერენჩხილაძემ დაამტკიცა, რომ გუნდის ლიდერია და წინ გაიყვანა კლუბი, შემდეგ კი გიორგი მელქაძემ მესამეჯერ აიღო მეტოქის კარი. მანამდე მსაჯმა გატანილი გოლი არ ჩაგვითვალა, რის გამოც ჩვენი ფანების რისხვაც დაიმსახურა.
“მუს გვორჩუნ, პატენი, აი ლანჩხუთელები? (რას გვერჩიან, ბატონო, ეს ლანჩხუთელები? ავტ.)” _ კითხულობდა ნამატჩევს ერთი ადგილობრივი ქომაგი, რომელიც თამაშის დაწყებამდე თანაქალაქელებთან ერთად უმაღლესი ლიგისკენ მიმავალ გეგმებს აწყობდა! ერთმა ჩვენმა ფანმა ჩაილაპარაკა _ ძამა, სად იყავით, ჩვენ რომ “დიდ” უმაღლეს ლიგაში ვიყავით? წალენჯიხაში მოგებით, “გურიამ” უმაღლესი ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა!