"ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ რა ხდება ბატონი გიორგი გირკელიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც "გურია ნიუსის" ჟურნალისტია, ბრძანეთ თქვენ ამ საქმეზე, რომელიც ჩემი გადასახედიდან რაც მედიაში იბეჭდებოდა და რომელიც არსებობს, არის უმარტივესი საქმე და რატომ ჭირდება წელიწადნახევარი ამის დასრულებას და გამოძიებას?" _ ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა შსს-ს წარმომადგენელს 2014 წლის 17 ივლისს, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ და უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს საქმეებს უწყება რეაგირების გარეშე ტოვებს.
კონკრეტულად რომელ საქმეზე იყო საუბარი, ქალბატონ თინა ხიდაშელს არ დაუსახელებია, თუმცა ჩვენ, "გურია ნიუსს" კარგად გვახსოვს წელიწადნახევრის წინ განვითარებული მოვლენები, რომლის "ავტორი" სწორედ ოზურგეთის "რესპუბლიკური" პარტიის წევრი ნინო გოგუაძე გახლდათ.
გიორგი გირკელიძის საქმეც, რომელიც თინა ხიდაშელმა ახსენა და ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი, სწორედ ნინო გოგუაძის სახელს უკავშირდება.
"ორღობის ჟურნალისტებო", "ბოროტმოქმედებო", "დანაშაულის ჩამდენებო", "ბოროტების ყვავილებო", "სახის მიმიკა შეიცვალეთ" და კიდევ სხვა უამრავი შეურაცხმყოფელი სიტყვა სწორედ იმ ნინო გოგუაძეს ეკუთვნის, რომელსაც დღეს ქალაქის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე განიხილავს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ის კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატია, კერძოდ კი "რესპუბლიკური" პარტიის.
ნინო გოგუაძემ, "გურია ნიუსს" თავი აგრესიით და ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა, _ 2012 წლის 20 დეკემბერს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ეთიკური ნორმების სრული დაცვით. ახალი ამბავი ეხებოდა ავღანეთში სამშვიდობო მისიით წასულ კიდევ ერთ გურულ ჯარისკაცს, რომელიც იქ დაიჭრა ("გურია ნიუსი", 2011 წელი 20 დეკემბერი, "ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა?"). ჯარისკაცი ნინო გოგუაძის მეზობელი და ნათესავია.
ინფორმაციაში ჯარისკაცის არც გვარ-სახელი იყო ნახსენები და არც საცხოვრებელი ადგილი; მითითებული იყო, რომ "გურია ნიუსი" არ იყო პირველწყარო _ ერთ-ერთმა ცენტრალურმა სააგენტომ, ორი დღით ადრე, აღნიშნულ ფაქტს ვრცელი წერილი მიუძღვნა და ჯარისკაცის ვინაობის ჩათვლით, ყველაფერი იყო მითითებული.
აღნიშნული ინფორმაციის "გურია ნიუსში" გამოქვეყნების შემდეგ, ნინო გოგუაძე დაუკავშირდა ჩვენს ჟურნალისტს და უწმაწური სიტყვებით პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა, "ეს რა გაბედე და როგორ გამოაქვეყნეო."
"იმ სიტყვების, რასაც გოგუაძე ტელეფონში მეძახდა, არა თუ თქმა, არამედ გამეორებაც ქალისგან თუ კაცისგანაც, ერთობ საჩოთიროა. მე მას ტელეფონი გავუთიშე, ისე იყო ეგზალტირებული. თუმცა, კვლავ არაერთხელ დამირეკა, მაინც არ ვუპასუხე. საინტერესოა, საჯარო მოხელედ მოაზრებული გოგუაძე, მომავალში ასე აპირებს ხალხთან და მედიასთან ურთიერთობას?" _ აცხადებდა "გურია ნიუსის" ჟურნალისტი მარინე ჩიხლაძე.
ამ ფაქტს არც თავად გოგუაძე უარყოფდა: "მარინა ჩიხლაძეს, დანაშაულის ჩამდენს, მე საკმაოდ მძიმედ ვესაუბრებოდი," _ აცხადებდა ის დაუფარავად.
სატელეფონო ლანძღვის შემდეგ, როცა ჟურნალისტი გოგუაძის განმეორებით ზარს აღარ პასუხობდა, ქალბატონმა ნინომ "საქმის გარჩევა" "გურია ნიუსის" ოზურგეთის ოფისში გააგრძელა. ის რედაქციაში მოვიდა და ავტორთან შეხვედრას აგრესიულად ითხოვდა. ჟურნალისტები მას აგრესიულ ქმედებაში არ აჰყვნენ, მშვიდად უთხრეს, რომ ფაქტის არანაირ დამახინჯებას ადგილი არ ჰქონია და დაცული იყო ეთიკის ნორმები.
თუმცა, ნინო გოგუაძის თავდასხმა ამით არ დასრულებულა. მან 2013 წლის 13 თებერვალს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც მედიასთან ურთიერთობის ჩვეულ ფორმებს მიმართა და ვრცელი პრესრელიზიც დაურიგა ადგილობრივ ჟურნალისტებს სახელწოდებით "შეკვეთილი პასკვილის კვალდაკვალ"…, რომელიც არაერთი შეურაცხმყოფელი სიტყვითა და ციტატით იყო გაჯერებული. ასე მაგალითად: "ორღობის ჟურნალისტიკის შედევრმა", ამჯერადაც ვერ მიაღწია მიზანს"… "საინტერესოა გიორგი გირკელიძეს რას ასწავლიდნენ მისი ლექტორები?..", "შეთითხნილი, სტილისტურად გაუმართავი სტატია", "ოზურგეთში, აღმოჩნდა ჟურნალისტი(?!), რომელმაც მორალი და ზნეობა, გვერდზე გადადო.."
აღარაფერს ვამბობთ პრესკონფერენციაზე მის მიერ წარმოთქმულ "ეპითეტებზე", რომლის ამსახველ ვიდეოსაც ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ მედიასთან ამ ფორმით ურთიერთობის პარალელურად, ქალბატონი გოგუაძე გამგებლის მოადგილეობას ითხოვდა…
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თქვენს მიერ დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, გთხოვთ განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის შემსრულებლის თანამდებობაზე"
_ ამ შინაარსის განცხადება შევიდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე შარაშენიძის სახელზე 2013 წლის 29 იანვარს, რომლის ავტორიც ნინო გოგუაძე გახლდათ.
ნინო გოგუაძის მიერ მოწყობილ სპეციალური პრესკონფერენციას 2013 წლის 19 თებერვალს გაგრძელება და ინციდენტი მოჰყვა: ოზურგეთის ავტოსადგურზე ბილეთის ასაღებად მისულ "გურია ნიუსის" ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს ნინო გოგუაძის ნათესავი ზურაბ ტუღუში ყელის გამოჭრით დაემუქრა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით შევიდა განცხადება სახალხო დამცველის ოფისში, ოზურგეთის შსს-ს მთავარ სამმართველოსა და პროკურატურაში.
დღეს, ოზურგეთის მერიის საკრებულოს პირველი სხდომა იმართება _ ქალაქის არჩეული მერი ახალ გუნდს წარადგენს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, არაოფიციალურად ორი კანდიდატურა სახელდება. ოფიციალურად კი, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ "ქართული ოცნების" სიით მესამე ნომერი, გელა კობალაძის კანდიდატურაა გადაწყვეტილი.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, "რესპუბლიკელი" ნინო გოგუაძე , ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ გელა კობალაძის გახდომის შემთხვევაში, კობალაძის მოადგილის პოსტს დაიკავებს…
საინტერესოა, შეიცვლება თუ არა მედიასთან ურთიერთობის მისი სტილი, თუ "რესპუბლიკელი" ნინო გოგუაძე საჯარო მოხელე გახდება.