ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს პირველი სხდომა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი განმარტებით, სხდომა დილიდანვე უხეში პროცედურული დარღვევებით დაიწყო, შემდგომ კი თანდათან, კანონსაწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა.
საკრებულოს თავმჯდომარედ დავით დარჩია აირჩიეს, რომელსაც კონკურენტი არ ყოლია. კონკურენტი არც დიმიტრი კვერღელიძეს ჰყავდა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
საკრებულოს სხდომას საქართველოს პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე ესწრებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დღის წესრიგში წინასწარ შეტანილი იყო ის საკითხები, რომელსაც მომავალში მისაღები საკრებულოს რეგლამენტი ითვალისწინებდა. საქმე ეხება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების არჩევას, მაშინ როცა ის ნორმატიული აქტი, რომლითაც მათი არჩევა უნდა მომხდარიყო, ძალაში ჯერ კიდევ არ იყო შესული. შესაბამისად, "ნაციონალებმა" პროტესტის ნიშნად საკრებულო დატოვეს. მანამდე კი ჟურნალისტებთან რამდენიმე სახის განცახდება გააკეთეს:
"საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოხდა ისე, რომ არ ყოფილა დადგენილი წესით კანდიდატურის განხილვა. "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის მიუხედავად, კანდიდატმა ვერ წარმოადგინა ოზურგეთის თემის განვითარების ზოგადი გეგმა და ის წინადადებები, თუ რის გაკეთებას აპირებდა საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.
დროის დაზოგვის მიზნით, უმრავლესობის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რეგლამენტის განხილვის გარეშე მიღების თაობაზე (ადმინისტრაციული წარმოების გარეშე), რასაც "ნაციონალური მოძრაობის მხრიდან" არგუმენტირებული პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რეგლამენტის კანონმდებლობით გათვალისწინებული მუხლობრივი წესით მიღებისა.
რადგანაც რეგლამენტი კანონით დადგენილი წესით არ იყო ხელმოწერილი და გამოქვეყნებული უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, ასევე ნორმატიულ აქტს არ გააჩნდა მისი მიღებისთვის საჭირო სხვა რეკვიზიტები ( დადგენილი ნიმუშის ბლანკზე არ იყო დაბეჭდილი, განსაზღვრული არ იყო დადგენილების ნომერი, რითაც რეგლამენტის
მიღება მოხდა) "ნაციონალურმა მოძრაობამ" განმარტა, რომ როცა დარღვეულია ნორმატიული აქტის გამოცემისთვის საჭირო აუცილებელი რეკვიზიტები, ნორმატიული აქტი ბათილია ამ ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებული შედეგებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან საკრებულოს უმრავლესობას არ გააჩნდა კონსტრუქციული ოპონირების ნება, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა აშკარა პროცედურული დარღვევებით მიმდინარე საკრებულოს სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოსტი, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ ჩაიბარა; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი, ბოხვაურის მაჟორიტარი დეპუტატი გელა ჩავლეიშვილი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, კონჭკათის დეპუტატი ტარიელ აროშიძე; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე დაბა ნასაკირალის დეპუტატი შოთა ართმელაძე; სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ლელა საჯაია დაამტკიცეს.
ფრაქცია "ქართულ ოცნებას" სოფელ სილაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა კილაძე, ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს" _ კახა გობრონიძე, "პატრიოტთა ალიანსს"_ დამოუკიდებელი დეპუტატი პაატა კიღურაძე უხელმძღვანელებენ.