"ევროკავშირთან, სამოქალაქო ლიბერალიზაციის გეგმით, ერთ-ერთ ვალდებულებად სქართველოს აღებული აქვს, მოხდეს არაბიომეტრიული შემცველების პასპორტების ბიომეტრიული პასპორტებით ჩანაცვლება", _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებულია.
"ახლა გადავდივართ საზღვარგარეთ ბიომეტრიული შემცველობის პასპორტების გაცემაზე. ამჟამად მიმდინარეობს საელჩოებისა და საკონსულო დაწესებულებების ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით უზრუნველყოფა. ასევე, მიმდინარეობს რესურსების გადამზადება. რის გამოც 10 აგვისტომდე შეჩერებული გვაქვს პასპორტებზე განაცხადების მიღება.
10 აგვისტოდან განახლდება განაცხადების მიღება. რაც შეხება ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტების გაცემას, იგი კანონმდებლობის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში გაიცემა თუ მოქალაქის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების აღება.
ბიომეტრიული პასპორტის გაცემისას, პირველ ეტაპზე შეიძლება გარკვეულ ხარვეზს ჰქონდეს ადგილი, რის გამოც საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტრო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ ამას."