რამდენიმე წუთის წინ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – ამბასადორიალზე, რომელიც სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარეობს, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძემ სიტყვით გამოვიდა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, იგი ქართველი დიპკორპუსის წინაშე არაკორექტულად, ცრუ ბრალდებითა და არასწორი ინფორმაციით წარსდგა, რისთვისაც ქართულმა დიპკორპუსმა დეპუტატ ჯაფარიძეს უსაყვედურა.
მინისტრის განცხადებით, როცა ჯაფარიძემ აღნიშნა, "არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა რუსეთის ელჩი გაეროში – ჩურკინი", ელჩებმა მას ჰკითხეს ამ განცხადების მიზეზი, თუმცა ჯაფარიძემ მისი სიტყვები უარყო.
"საგარეო პოლიტიკა არ ექვემდებარება შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებს. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და ჩვენ ამას დიდი ყურადღებას ვაქცევთ.
დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზე უნდა ყოფილიყო საუბარი, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და სხვადასხვა რეფორმებზე, მოვიწვიეთ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერი, ბატონი დავით ბაქრაძე. იგი არ გახლავთ საქართველოში და მის ნაცვლად გვესტუმრა ბატონი ზურაბ ჯაფარიძე. რა საკვირველი ჩვენ იგი პატივისცემით მივიღეთ და მივეცით გამოსვლის საშუალება, რომელიც იყო საკმაოდ არაკორექტული და არასწორი.
მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში, რეფორმებთან მიმართებაში და ა.შ. ამის შესახებ იქ მას გაეცა პასუხი, მაგრამ ჩვენ მოგვივიდა ცნობა, რომ მან პანელზე შემოსვლამდე გააკეთა განცხადება და უბრალოდ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს. ეს რომ გვცოდნოდა, რა საკვირველია ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნებოდა.
ხოლო მას შემდეგ, რაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევისთვის, სესიის წამყვანმა ბატონმა დავით ზალკალიანმა მიუთითა იმაზე, რომ არ შეიძლება ასეთი განწყობით მოდიოდეს პარლამენტის წევრი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. ჯაფარიძემ ეს გამონათქვამი უარყო და არასწორი ინტერპრეტაცია "ინტერპრესნიუს" დააბრალა", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.