შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ხათუნა ბ. თაღლითობის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხათუნა ბ-ს მოქალაქემ გადასცა 16000 აშშ დოლარი ბრაზილიაში სამი პირის გამგზავრებისა და სასტუმროში განთავსების ორგანიზების უზრუნველსაყოფად. ბრალდებულმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ბრაზილიაში აღნიშნული პირების სასტუმროში განთავსება არ უზრუნველყო, რის გამოც მოქალაქე იძულებული გახდა სასტუმროს ხარჯები თავისი სახსრებით დაეფარა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ხათუნა ბ-მ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას შეუკვეთა და დააჯავშნინა ბრაზილიის მიმართულებით 12042 ლარის ღირებულების ავიაბილეთები და ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა ერთ-ერთი ბანკის საგადახდო დავალება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მან კომპანიას ავიაბილეთების ღირებულება – 12042 ლარი ჩაურიცხა, თუმცა კომპანიისათვის თანხა არ გადაურიცხავს.
გამოძიება თაღლითობის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).