ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. ე. წ. "საკუპრეში" 45 ოჯახი ცხოვრობს.
როგორც უმეტეს სოფლებში, მოსახლეობას უწყლობისა და უგზოობის პრობლემა აქაც აწუხებს. მათი განცხადებით, ეს უბანი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სულ უყურადღებოდ არის მიტოვებული.
_ შარშან გზა გრეიდერით გაასწორეს, თუმცა, უკვე ისეა გაფუჭებული, ავტომობილებს გავლა უჭირთ. წყალი არ გვაქვს, მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს საკუთარი ჭა, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" ნატანების მცხოვრებლები.
ვაჟა გოგოტიშვილი: _ გზა გააკეთეს, მაგრამ სტიქიამ გააფუჭა _ კოკისპირული წვიმები იყო. თავს ციტრუსით ვირჩენთ ძირითადად, თუმცა, გაყიდვა ჭირს. ახლა არის შეწამვლის დრო, მაგრამ ვერ ვწამლავთ უსახსრობის გამო.
ზაზა ამბროლიანი: _ სასიკეთო არაფერი არ ხდება, ვის მოვთხოვოთ პრობლემების მოგვარება, ისიც არ ვიცით. არც წყალი გვაქვს და არც იმედი, რომ ჩვენ უბანში გზა და წყალი როდესმე გვეღირსება.
იოსებ მიმინოშვილი: _ ყველა მეორე ოჯახი წყალს მეზობლების ჭებიდან ეზიდება; გზა საშინელ მდგომარეობაშია მაინც. პატრონი საერთოდ არ ჰყავს ამ უბანს. თქვენც ხედავთ, როგორი გზაა _ არ გვაქვს იმედი, რომ გააკეთებენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების უკვე ყოფილი რწმუნებული ამირან ბაქანიძე ამბობს, რომ უგზოობა და უწყლობა "საკუპრეში" ნამდვილად არსებობს:
_ ფერდობია და სტიქიის დროს სულ ზიანდება. ამ უბანში ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიით მოსახლეობა. ნიაღვარი აფუჭებს გზას, თორემ ჩვენ შარშან გავაკეთეთ, მაგრამ არ არსებობს სანიაღვრე არხები და ამიტომ გადმოდის გზაზე წყალი. რაც შეეხება წყალს, გაკეთებულია რამდენიმე ჭაბურღილი, თუმცა, წყალი სასმელად არ ვარგა.
წელს, სოფლის დახმარების პროგრამით "საკუპრეში" ამ პრობლემების გადაჭრა არ ყოფილა გათვალისწინებული. როცა სოფლის კრება ჩატარდა და გუბერნატორი იყო ჩამოსული, მაშინ გადაწყდა სოფლის კლუბის გაკეთება, _ გვითხრა ბაქანიძემ.