საქართველოში აკრედიტირებული საპატიო კონსულები მაია ფანჯიკიძის უწყებას მათი უფლებების უხეშად ხელყოფასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ.
როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი 14 აგვისტოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კონსულებმა წერილით მიმართეს და საკითხის შესწავლას უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ითხოვენ. მიმართვას ხელს 22 საპატიო კონსულიდან 17 აწერს. მათ შორის: კანადის, ბელგიის, ფილიპინების, ინდონეზიის, ესპანეთის, სლოვაკეთის, დანიის, ავსტრიის, მექსიკის, ნორვეგიის, ფინეთის, ირლანდიის, სლოვენიის, სან მარინოსი და პორტუგალიის. როგორც განგვიმარტეს, 5 კონსულს ხელი იმ მიზეზით არ აქვს მოწერილი, რომ საქართველოში არ იმყოფებიან.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ქვეყნის საპატიო კონსული აცხადებს:
"2014 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც მოულოდნელად წარმოგვიდგინეს "პროტოკოლის სახელმძღვანელოს პროექტი (სწორედ ასე ეწერა- "First Draft") რა დროსაც შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მოხდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვა, თუმცა მომდევნო დღეს, იმავე უწყებიდან მივიღეთ ვერბალური ნოტა №01/34/39/8, სადაც გვატყობინებენ, რომ უკვე მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საპატიო კონსულებისათვის დაწესებული შეზღუდვები.
ამ ტიპის შეზღუდვების იმპლემენტაცია ცალსახად გააუარესებს ამ კორპუსის
სამუშაო პირობებს და ბუნებრივია ეს ზოგადად ნეგატიურად იმოქმედებს იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან ჩვენი კოლეგები."
საპატიო კონსულები შეშფოთებას გამოთქვამენ ვენის კონვენციის დარღვევის გამო და აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით საგარეო საქმეთა სამინისტრო კონვენციის იმ დებულებებს უგულებელყოფს, რომლის ხელმომწერია საქართველო 1994 წლიდან.
"მოგეხსენებათ, რომ საპატიო კონსულების უფლებები და პრივილეგიები და ნათლად არის ჩამოყალიბებული 1963 წლის 24 აპრილის "ვენის კონვენციაში საკონსულო ურთიერთობის შესახებ" და სხვა საერთაშორისო კონვენციებში.
აღნიშნული კონვენციის თანახმად, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭება ხორციელდება არა ცალკეულ პირთა გამორჩენის გულისთვის, არამედ იმისთვის, რომ საკონსულო დაწესებულებებმა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი ფუნქციები თავიანთი სახელმწიფოების სახელით, რაც პირდაპირაა დაკავშირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და მისი წესდების პრინციპებთან. " _ აცხადებენ საპატიო კონსულები.
"ბატონო პრემიერ – მინისტრო, სამწუხაროდ ჩვენთვის ბუნდოვანი რჩება რატომ ხდება ზემოთ აღნიშნული საკითხის ასეთი პედალირება და მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობა სენსიტიური საკითხია, ჩვენს რეალობაში ეს წყდება ნაჩქარევად და ფორსირებურად, ყოველგვარი კონსულტაციებისა და დისკუსიების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი კორპუსის სახელით გთხოვთ გამონახოთ მცირე დრო, რათა პირადად მოგახსენოთ საკითხის ირგვლივ ჩვენეული ხედვა (დანართი თან ახლავს) რაც ვფიქრობთ ასევე გააადვილებს უკვე შექმნილ უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებას." _ ნათქვამია პრემიერისადმი მიწერილ წერილში.
რაც შეეხება შეზღუდვებს,როგორც პრემიერისადმი მიწერილი წერილის დანართიდან ირკვევა, საუბარია "საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისთვის პროტოკოლის სახელმძღვანელოს" 3.4 პუნქტზე, (Parking at Tbilisi International Airport), რომლის მიხედვით 19.1 “e” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანპორტო საშუალებები მოკლებულნი იქნებიან აეროპორტში პარკირების შესაძლებლობას. როგორც ერთ-ერთმა საპატიო კონსულმა განაცხადა, გარდა ზემოაღნიშნულისა, საუბარია სპეცნომრების ჩამორთმევასა და კიდევ სხვა პრივილეგიების შეზღუდვაზე.
კონსულების განცხადებით: "გაუგებარია მსგავს შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ პირთათვის დახვედრა, უცხოეთის ქვეყნებში აღნიშნული ე.წ. "სტიკერით" ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება (არარეზიდენტი ელჩების სამუშაო ვიზიტისას მიუღებელია ავტომანქანაზე შესაბამისი ქვეყნის დროშის აღმართვა, როდესაც ჩვეულებრივ სანომრე ნიშნებს ე.წ. "სტიკერი" აქვს მიმაგრებული) და ა.შ, რასაც კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, შედეგად მოყვება ვენის კონვენციის 28-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, საკონსულოების საქმიანობის შეფერხება."
საქართველოში აკრედიტებული საპატიო კონსულები პრემიერისადმი მიწერილ წერილში განმარტავენ, რომ გაგებით ეკიდებიან საპატიო კონსულებისა და სხვა დიპლომატიური მისიების თანამდებობის პირების უფლებებსა და პრივილეგიებში გარკვეული ცვლილებების შეტანას, თუმცა იმ დოზით, როგორც ეს მოცემულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისთვის პროტოკოლის სახელმძღვანელოში და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 1993 წელს ვენის კონვენციასთან შეერთებიდან დღემდე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობდა, სრულიად მიუღებელია.
მათი თქმით, აღნიშნული შეზღუდვები არღვევს "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-4 ოქმის მე-2 მუხლს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი ქვეყნის საპატიო კონსული აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყო მცდელობები მსგავსი შეზღუდვების შემოღების, თუმცა დიპლომატიური კორპუსის მიმართვის შემდეგ სახელმწიფოებმა უარი განაცხადეს მსგავს ინიციატივაზე.
"საკონსულო სამართლის თანახმად, ხსენებული ცვლილება შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტულ საკითხზე და არა საყოველთაოდ აღიარებული პრივილეგიების შეზღუდვებზე. მაგალითად, შესაძლებელია დარეგულირდეს საკითხი თითოეულ საკონსულოსათვის რამდენ ავტომანქანაზე შეიძლება გაიცეს სანომრე ნიშნები და არანაირად არ უნდა შეეხოს სანომრე ნიშნების ფერის შეცვლას, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ კონსულებისათვის უკვე მინიჭებულია ასეთი პრივილეგია.
დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის ნორმების დაცვაში უკვე არსებული პრინციპის შეზღუდვა და უგულებელყოფა, შესაძლოა განხილული იქნას როგორც არამეგობრული ქმედება, რასაც საპასუხო ნაბიჯები შეიძლება მოყვეს."
ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში საპატიო კონსულები აცხადებენ, რომ დღეის მდგომარეობით ხდება მათი უფლებებისა და პრივილეგიების უსამართლოდ შეზღუდვა.
"გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ თქვენს წინაშე, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთი ჩვენი კოლეგა მათ შორის არა-რეზიდენტი, ათეული წლებია გულწრფელად ვემსახურებით იმ ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ამავე დროს ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამისათვის ვიყენებთ ყველა იმ ტრიბუნასა და კავშირს, რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე ხელმისაწვდომია ჩვენი კორპუსისათვის და ვფიქრობ დაგვეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი აზრი იმ რანგის ჩვენი უცხოელი კოლეგებისა, რომელთაც მუდმივად აქვთ ჩვენს ინსტიტუტთან კავშირი, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.
გარწმუნებთ საპატიო კონსულების ინსტიტუტი საიმედო და სოლიდური დასაყრდენი რგოლია, საქართველოში აკრედიტირებული დიპ.კორპუსისთვის, ისევე როგორც იმ ქვეყნის საგარეო უწყებებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საელჩოები საქართველოში და აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ საპატიო კონსულებისა და მათი ოფისების საშუალებით. ამგვარად ეს ინსტიტუტი, ზოგადად მნიშვნელოვან და ხაზგასმით პოზიტიურ როლს ასრულებს საქართველოსთან მეგობარი ქვეყნების დაახლოების პროცესში." _ ნათქვამია პრემიერისადმი მიწრილ წერილში, რომელსაც ხელს 17 კონსული აწერს.