დღეს, "ოზურგეთული ზაფხულის საღამოების" დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. დასკვნით დღეს, თეატრალურ მოედანზე, “თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობდა ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ცისანა სეფიაშვილი.
კონცერტის დაწყებამდე ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ველო-რბოლა. ასევე, ქალაქში ცხენოსნები გამოჩნდნენ, მათ შორის ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე.
"ძალიან მიხარია, რომ ჩემს ქალაქს გამოცოცხლებულ ვხედავ. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ ეს სამი დღე ყველა თქვენთაგანს დაგამახსოვრდებათ. ერთი რაღაც მინდა გითხრათ, წინასაარჩევნო კამპანია არც ისე დიდი ხანია დასრულებულია, მაგრამ მაინც ვღელავ, როდესაც თქვენს წინაშე გამოვდივარ. ჩემი ნერვიულობა გაგრძელდება მანამ, სანამ იმ დაპირებებს არ შეგისრულებთ, რაც დაგპირდით", _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.
"ოზურგეთული ზაფხულის საღამოები" ქალაქ ოზურგეთის მერიის ორგანიზატორობით ჩატარდა.