ანაკლიაში, პროექტ "კაზანტიპის" დახურვასთან, დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
როგორც პროექტის პრესსამსახურის უფროსი, ნინო სტურუა ამბობს, "რესპუბლიკა კაზანტიპის პრეზიდენტი" ნიკიტა მარშუნოკი ფესტივალის დახურვას არ ესწრება, რადგან საქართველოში არაა, მისი ცოლ-შვილი კი ისევ ანაკლიაში იმყოფება.
პროექტის დახურვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
პოლიციის სამმართველოსთან, ადგილობრივები, ტურისტული კომპანია "ჯორჯია ოქეისგან" ხელშეკრულების პირობების დაცვას და ბინის ქირის საფასურს ითხოვენ.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია მისდამი შერჩეული სახლების პატრონებს დამსვენებლებს მიუყვანდა, თანხას კი ფესტივალის დასრულებისას აუნაზღაურებდა.
ადგილობრივები პროტესტს გამოხატავენ და კომპანიას ადანაშაულებენ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში – ფესტივალი დასრულდა, ბინის ქირა კი გადახდილი არ არის, ან სანახევროდაა გადახდილი.
"ჯორჯია ოქეის" წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.