ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 1 სექტემბერს 3 საათზე გაიმართა.
სხდომაზე განსახილველად და დასამტკიცებლად დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 27 საკითხი, რომელიც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხებოდა.
საკრებულოს სხდომაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული დარბაზის შექმნის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა.
დეპუტატებმა, საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს.
საზოგადოებრივი დარბაზი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი სათათბირო ორგანო იქნება. დარბაზში გაწევრიანება ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს შეეძლება. წევრთა რეგისტრაცია კი, საკრებულოს აპარატმა უნდა უზრუნველყოს.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს, მეექვსე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას ეხება.
საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი აზრი არამარტო ადგილობრივ დეპუტატებში, არამედ სრულიად საქართველოში ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფორმით არ არის.
"დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ აქამდე მოქმედი ყველა დებულება ითვალისწინებს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხარჯების გაცემას ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად და შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციების მიღების შემდეგ შემუშავებული იქნა შრომის ანაზღაურების სადეპუტატო წესი", _ აღნიშნა ლავრენტი ბიგვავამ.
როგორც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ განაცხადა, აღნიშნულ დებულებაში გათვალისწინებულია ერთგვარი სანქციების გატარება.
"ის დეპუტატები, რომლებიც სათანადოდ არ განახორციელებენ თავიანთ უფლებამოვალეობებს, არ დაესწრებიან სხდომებს, არ შეხვდებიან ამომრჩევლებს, აღირიცხვებიან საკრებულოს აპარატის მიერ, შემდეგ მოხსენებით ბარათს გადასცემენ საკრებულოს თავმჯდომარეს, ის უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს გასცეს თუ არა იმ დეპუტატზე გასამრჯელო 500 ლარი".
დამოუკიდებელმა დეპუტატმა გოჩა მგელაძემ განაცხადა, რომ რაშიც დაიხარჯება თითოეული თეთრი, ის ამის შესაბამისს ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს.
"თუ ხარჯები გვექნება, რატომ უნდა დაგვექვითოს საშემოსავლო? ეს ჩემი აზრით არის არაკანონიერი."
საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ უფროსის, ლევან ხინთიბიძის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების მნიშვნელობასა და შენიშვნებს.
"იყო გარკვეული შენიშვნები "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირიდან", ბატონი ლევან ხინთიბიძისგან , მან სერიოზული შენიშვნები მოგვცა და ჩვენ თითქმის ყველა მათგანი გავითვალისწინეთ", _ განაცხადეს სხდომაზე.