"მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია ჩემი ოჯახის დახმარება"_ ამ სათაურით დაიბეჭდა "გურია ნიუსში" სტატია, რომელიც ოზურგეთში მცხოვრებ ყოფილ პატიმარს ეხებოდა. ყოფილი პატიმრის დედა, ჩვენთან რედაქციაში იმყოფებოდა: _ მივმართავ ყველას, ვისაც შეუძლია ჩემი ოჯახის დახმარება. ყოფილი პატიმრის დედა ვარ. ჩემმა შვილმა მოიხადა სასჯელი და თავისუფალია. "წამალს"იკეთებდა და დაიჭირეს, არ გაგვიპროტესტებია _ იმსახურებდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ დაიბარეს ოზურგეთის პოლიციაში და უთხრეს, თუ ჭკუით იქნები, არავინ შეგეხებაო. ამის შემდეგ რამდენჯერმე კიდევ დაიბარეს და წაიყვანეს პოლიციაში. ყოველთვის "სუფთა იყო". ზამთარი ერთ-ერთ მონასტერში გაატარა. ახლა უთხრეს, დაეტოვებინა საქართველო, _ ამბობდა ქალბატონი.
გასულ კვირას ეს ქალბატონი (რომლის სახელს და გვარს მისი თხოვნით არ ვახმაურებთ) საქართველოს პარლამენტის წევს, ზვიად კვაჭანტირაძეს შეხვდა. დეპუტატი "გურია ნიუსთან" ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ამ ქალბატონის გარდა სხვებმაც მომმართეს. ოფიციალურად, ამ ინფორმაციას პოლიციაში არ გვიდასტურებენ. თუ ნამდვილია ეს ინფორმაცია, რომ წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის სასჯელმოხდილ პირებს ავალდებულებენ ქვეყნის საზღვრები დატოვონ, მიმაჩნია უკანონო ქმედებად. მე არასდროს ჩავრეულვარ და ვერც ჩავერევი სამართალდამცავების მუშაობაში, მაგრამ თუ მომავალში ეს ინფორმაცია დადასტურდება, აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას. თუ დამნაშავეა და დღესაც დანაშაულს სჩადის, უნდა გასამართლდეს. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები პროფილაქტიკურ ღონისძიებებსაც უნდა ატარებდნენ, მაგრამ პრობლემების ამ გზით პროფილაქტიკა ადამიანის უფლებების დარღვევაა. არავის აქვს უფლება ქვეყნიდან გააძევოს საქართველოს მოქალაქე, თუნდაც იგი პოტენციური დამნაშავე იყოს. ამავდროულად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიცია კვლავაც შეურიგებელი რჩება დამნაშავეების მიმართ და აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ქურდობის ინსტიტუტის ძირფესვიანად ამოსაშანთად ჩვენს ქვეყანაში. ბოლშევიკების მიერ შექმნილი სახელმწიფო ჰეგემონიის ეს უმახინჯესი დამხმარე ინსტიტუტი ჩვენთან, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და მას აღარც აქვს რეაბილიტირების არანაირი შანსი. ეს საზოგადოების მოთხოვნაა. სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, _ თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.