ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და მისმა მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ, ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება გააჟღერეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას განცხადებით, საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირები, სულ 13 ადამიანი უარს ამბობს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე. ამით კი დაიზოგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 30 000 ლარით, რომელიც სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.
დავით დარჩია: კოალიცია „ქართულმა ოცნების“ საკრებულოს წევრებმა და უმაღლესი თანამდებობის პირებმა, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის განხორციელებასთან დაკავშირებული თანხებზე განვაცხადოთ უარი, საკრებულოს თანამდებობის პირები ამ თანხას არ აიღებენ. აღნიშნული თანხები სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.
დიმიტრი კვერღელიძე: ჩვენ ვიწყებთ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას. ამ ადამიანებმა თავიანთი შეგნებით მიიღეს მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, უარი განაცხადეს ამ სარგოზე. ეს თანხები მიემართება მოქალაქეთა სამედიცინო პროგრამების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან კი დაიზოგება 30 000 ლარი ბიუჯეტიდან.