"გურია ნიუსს" დღეს მოაწოდეს ინფორმაცია, რომ 2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ფარული შეხვედრა მოაწყვეს.
"ამა წლის 29 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ რიზეში, ერთ-ერთ სასტუმროში ერთმანეთს შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები: გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური და გიგა ბოკერია. 30 აგვისტოს მათ შეუერთდა თემურ ალასანია.
გვაქვს ინფორმაცია, საქართველოში იგეგმება ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ჩატარება. "ვარდების რევოლუციის" შემოქმედებმა, 2002 წელს შექმნეს მოძრაობა "კმარა", ახლა კი ისინი ახალ მოძრაობას – "თავისუფალ ზონას" ქმნიან.
2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში შედგა "ნაცმოძრაობის შეკრება, რომელსაც ჩოხატაურიდან – 9, ოზურგეთიდან 27 და ლანჩხუთიდან – 11 ადამიანი ესწრებოდა.
10-დან 25 სექტემბრამდე, საქართველოში და ასევე გურიაში, "ნაციონალები" შეეცდებიან ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების დაწყებას", _ გვითხრა წყარომ, რომელიც პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირია.
მისივე თქმით, ის ძალიან მალე "ნაცმოძრაობის" ფარული შეხვედრის ფოტო კადრების გავრცელებასაც გეგმავს.
"გურია ნიუსი" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ იცის რას შეეხებოდა მაკვანეთში გამართული შეხვედრა.
"ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან ეს რომ ყოფილიყო მე აუცილებლად მეცოდინებოდა და იქ ვიქნებოდი."
ინფორმაციას იმის თაობაზე, ეს შეხვედრა ეხებოდა თუ არა გურიაში ახალი მოძრაობის – "თავისუფალი ზონის" ჩამოყალიბებას, რომელიც "კმარას" ანალოგი იქნება, ლიდერი ამბობს, რომ ჭორია.
"ახლა უკვე მივხვდი. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი. ეს გახლავთ ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის, შესაძლებელია სუს-ის, რომელიმე ქვედანაყოფის მოფიქრებული ჭორი, რომელიც ადამიანებში დათესონ შიში და ზიზღი ნაცმოძრაობის მიმართ. ვიცანი ხელწერა და გაგრძელება იმ ჭორისა, რომელიც ამ ბოლო დროს გავრცელდა, რომ "ნაცმოძრაობა" აქციებისთვის ემზადება. მსგავსი რამ არ იგეგმება. ჩვენ მშვიდობიანი გზით და მარტო არჩევნების გზით ვეცდებით ხელისუფლების შეცვლას.
მე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი და ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გარკვეული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ჭორი.
ჩვენი ხელისუფლების დროს ეს არ ხერხდებოდა, სხვა მეთოდოლოგიით მართავდნენ სახელმწიფოს, ახლა კი დაბრუნდა ჩეკისტური პერიოდი."