ჩვენ, ჟურნალისტები, თურმე, ამას ვერ ან არ ვხედავთ ან “ინტრიგანები” ვართ. დემონსტრირების მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე ქუჩაში დაგვხვდა და სამრევლო სკოლის წინ, ნახევრად დანგრეული წყლის სოკო დაგვანახა, რომლიდანაც წყალი, მეტისმეტი მონდომების გამო, დაუზოგავად იღვრებოდა.
ხუნდაძის მიერ “იუმორში” ნაწოდები “ინტრიგანი”, ცხადია, საწყენი არ არის, რადგან, ჩოხატაურის მოსახლეობამ კარგად იცის, მოდის თუ არა წყალი დაბაში. შესაბამისად, იმასაც კარგად საზღვრავს ვინ _ ინტრიგანია და ვინ _ ცრუპენტელა!
ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში “ინტრიგნობა” ჩინოვნიკებისთვის მიუღებელია, სამაგიეროდ, ცრუპენტელობაში შეჯიბრია გამართული; ჩვენ, ჩოხატაურელები, ოფიციალური ვებგვერდებიდან თუ სატელევიზიო გამოსვლებიდან “ვიგებდით”, რომ ჩოხატაურს 24-საათიანი წყალმომარაგება გასული წლის დეკემბრის ბოლოდან უნდა ჰქონოდა, მათ შორის, სოფელ ჩაისუბანსაც (თუ დაინტერესდებით, ეს ინფორმაცია არქივში მრავლად შეგიძლიათ მოიპოვოთ).
ბატონო ანტონ, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეთ “ზემდგომ ინსტანციებს” და პირველ რიგში, საკუთარ მოსახლეობას სრულად, შეულამაზებლად და რეალურად მიაწოდოთ ინფორმაცია როგორ, რაში იხარჯება წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარი, რომელსაც შედეგი ჯერ არ მოჰყოლია, რა ეტაპზეა მშენებლობა, როდის, რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, მოსახლეობას რა სახის დამატებითი სახის დანახარჯების გაღება მოუწევს, თქვენ, მთელ საქართველოს ნახევრადდანგრეულ “ფანტანში” დროებით “ამოფრქვეულ” წყალს აჩვენებთ და შვილიშვილებს იფიცებთ, რომ ჩოხატაურში წყლის პრობლემა არ არსებობს!
არც ესაა გასაკვირი, რადგან, არც ადრე და ახლაც, კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის პირველ პირს, არასდროს აგიღიათ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ფაქტების გამო, რაც თქვენს დაქვემდებარებულ უწყებაში ხდებოდა და ხდება; მაგალითად, როდესაც ჩოხატაურში დიდი ნარკოტიკული სქემა გაიშიფრა, თქვენ საავადმყოფოს დირექტორი იყავით, ციხეში კი მხოლოდ ხელქვეითები, თანაც ქალები მოხვდნენ!
პასუხისმგებლობას არ გრძნობდით, როცა საკრებულომ საკმაოდ საჩოთირო ვითარებაში “აგირჩიათ”; არც მაშინ, როცა საავადმყოფოს ბალანსზე არსებული ავტომობილით თითქმის ერთი წელი უკანონოდ სარგებლობდით; არც მაშინ, როცა ბახმაროს სკანდალის გამო, ადამიანები დაიჭირეს, სამსახურიდან მოხსნეს, პოლიციის მიერ იძებნებიან… არადა, პასუხისმგებელი პირი ისევ თქვენ ხართ.
ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ მკითხველს დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა, კეთდება და გაკეთდება ჩოხატაურის წყალმომარაგებისთვის, რამდენი ლარი დაიხარჯა ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიზნით და რა შედეგი მივიღეთ დღემდე. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ წყალმომარაგებას, ერთ გადაცემას ან ოჯახის “მუქთად დაფიცებას” არ ეხება _ წინ არჩევნებია, ხალხს პოლიტიკური პარტიები უხვი დაპირებებით აავსებენ, სიცრუეში გამოჭერილი პოლიტიკოსები ისევ თვალისდაუხამხამებლად დაგვიფიცებენ და რევოლუციურ ცვლილებებს დაგვპირდებიან.
თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, ფრთხილად ვიყოთ და სულელებივით საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ ჭკუა!
მართალი იყო რამიშვილი _ ჩოხატაურში რევოლუცია არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ხალხისთვის. თორემ თქვენ რომ ხელფასი მოგემატათ, მანქანა გემსახურებათ და თვეში 500 ლიტრი საწვავის ლიმიტი გაქვთ, ეს კარგა ხანი ვიცით.