გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები–საქართველოს" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგის თემა მიეძღვნა საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვისა და ამ პროცესის გაუმჯობესების ღონისძიებებს, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია კამპანია "დავასუფთავოთ საქართველო“.
გარემოს დამცველებისათვის სექტემბრის შუა რიცხვები ცნობილია როგორც დედამიწის დასუფთავების დღეები, რომელიც გაეროს ეგიდით მრავალი წელია დადგენილი და დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
გარემოს დამცველებისათვის სექტემბრის შუა რიცხვები ცნობილია როგორც დედამიწის დასუფთავების დღეები, რომელიც გაეროს ეგიდით მრავალი წელია დადგენილი და დამკვიდრებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
საქართველო ამ ღონისძიებაში სამი წლის წინ ჩაერთო. პროექტის – "დავასუფთავოთ საქართველო“ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოვიჟენი“ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი“, რომელთა წარმომადგენელებიც მონაწილებდნენ დღევანდელ ღონისძიებაში. პროექტი ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის საერთაშორისო სააგენტოსგან იღებს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, დედამიწის დასუფთავების დღეებმა, რომელიც 19-21 სექტემბერს აღინიშნება, წელს განსაკუთრებული სტატუსი შეიძინა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ აიტაცა ეს განსაკუთრებით კარგი წამოწყება და მასში შეძლებისდაგვარად ჩართო ყველა სამთავრობო უწყება.
როგორც ბრიფინგზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, საქართველოში გარემოს დაბინძურების მასშტაბები ძალიან დიდია, აღმოჩენილია უამრავი დაბინძურების კერა, რის შედეგადაც ეკოლოგიური ფონი წლიდან წლამდე უარესდება. ბევრგან გარემოსა და ბუნებისთვის უკვე გამოუსწორებელი ზიანია მიყენებული.
_ ეს პრობლემა არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი მთავრობისათვის. თუმცა ვერცერთი მთავრობა ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება, თუ ჩვენ ყველამ – დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებით და დამთავრებული ნებისმიერი მოქალაქით, საერთო ძალისხმევა არ გამოვიჩინეთ და ერთად არ ვიზრუნეთ გარემოზე, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, უკვე შემუშავებულია კანონპროექტი მყარი ნარჩენების შესახებ, რომლის სამთავრობო განხილვები უკვე დასრულებულია და მალე პარლამენტს წარედგინება. აქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ იმავდროულად აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება.
გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა ნინო ჩხობაძემ, რომელმაც აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით სფეროში ასევე გამართული კანონმდებლობის არსებობა.
_ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთად დავასუფთავოთ საქართველო, მაგრამ თუ მოსახლეობა მთლიანად არ დაგვიდგა გვერდზე, ამას ვერც ერთი მთავრობა ვერ მოერევა, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.