ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის თემა ჯანდაცვის კუთხით საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში, პატიმართა არსებული მდგომარეობა იყო.
_ ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც საზოგადოება გულგრილად უნდა მოეკიდოს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, რა მორალური ღირებულებებით იცხოვრებს საზოგადოება. როგორ მოვექცევით იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეებში არიან, არის სწორედ იმის განმსაზღვრელი, ჩვენ რა ღირებულებებით ვცხოვრობთ, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, 2004-2012 წლებისა და 2013 წლის მონაცემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის კუთხით თითოეულ პატიმარზე დაფინანსება 140 დოლარიდან 750 დოლარამდე გაიზარდა, გამდიდრდა და დაბალანსდა კვების რაციონი, ინფექციის გავრცელების წყარო შემცირდა და შესაბამისად, შემცირდა დაავადებათა გავრცელების რიცხვიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების პროცენტი 40,7 %-ს შეადგენს, ხოლო კმაყოფილების ინდექსი 38 %-მდე გაიზარდა, მისივე თქმით, შემცირდა პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2013 წლიდან ამოქმედდა ც ჰეპატიტისა და სუიციდის პრევენციის პროგრამაც, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ამჟამად, სუიციდის პრევენციის პროგრამაში, სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებიდან 58 პირია ჩართული, 2015 წლიდან კი პროგრამა ყველა დაწესებულებას მოიცავს.
_ პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა ჯანმრთელობა დაცულია და უზრუნველყოფილია მათი უსაფრთხოება. სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მუშაობს გამართულად, გეგმის მიხედვით. საქართველოს მოსახლეობა იცხოვრებს დემოკრატიულ, მუდმივად განვითარებად ქვეყანაში, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.