(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, საზოგადოებრივ ჯგუფს, საკუთარი იდეა სოფლის განვითარების ფონდის დაარსების შესახებ დათო მჟავანაძემ გააცნო. იგი წარმატებული ახალგაზრდაა, პროფესიით იურისტი, ამჟამად სოფლის რწმუნებულია.
_ სოფლის ინტელექტუალური და კულტურული განვითარების ფონდის დაარსება რომ მოვინდომე და ამაში მხარი დამიჭირეს, ბედნიერი ვარ. უკვე საწევროების აკრეფა დავიწყეთ. ეს თანხა 2 ლარს შეადგენს. ზოგი შეგვპირდა, რომ ერთჯერად შემოწირულობას გაიღებს. პირველ რიგში, გაჩნდება კითხვა, რაში გამოვიყენებთ ამ ფულს? ჩვენ, პირველ ეტაპზე, ჭანიეთის საჯარო სკოლისთვის ვიქირავებთ ცეკვისა და მუსიკის პედაგოგს, რათა ბავშვებმა ხალხური თუ სხვა ტიპის ცეკვა და სიმღერა ისწავლონ, _ ამბობს დათო მჟავანაძე.
როგორც ცნობილია, სკოლას მცირერიცხოვანი კონტიგენტი ჰყავს და ბიუჯეტი მასწავლებელთა ხელფასებს ძლივს ჰყოფნის.
ფონდში პირველნი გაწევრიანდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორი მალვინა ნინიძე და მასწავლებლები, მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ სურგულაძე, საბავშვო ბაღისა თუ სამედიცინო უბნის თანამშრომლები, არაერთი ახალგაზრდა თუ ასაკში შესული ადამიანი.
_ ეს არის შესანიშნავი იდეა და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებისგან მოდის. ბოლო წლებში სკოლაში, უსახსრობის გამო, შეწყდა ცეკვისა და სიმღერის გუნდების მოქმედება. ახლა ის აღდგება და ჩვენი სოფლის მოსწავლე გოგო-ბიჭების ხელოვნებას კვლავ ვნახავთ, _ ამბობს სოფლის მკვიდრი, 70 წელს გადაბიჯებული გურგენ მამინაშვილი.