ძლიერი წვიმის შედეგად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, დაიმეწყრა და დაიტბორა გზები.
სოფელ ნიგვზიანში გამგებლის წარმომადგენლის, ირაკლი კვაჭაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად წყალმა წაიღო გოჩა აფხაზავას ეზოს ნაწილი, დაიტბორა საყანე ფართობებამდე მისასვლელი გზები, სოფელ წიაღობანში ჩამოშლილია გზის სავალი ნაწილი. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ჩოჩხათშიც.
სოფლის დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილი თქმით, წვიმების შედეგად პრობლემები შეექმნა სოფლის შიდა გზებს, ამ მხრივ შედარებით რთული მდგომარეობაა სოფელ კოკათში.
რაც შეეხება სოფელ სუფსას, გამგებლის წარმომადგენლის, ბესიკ კუპრაძის ინფორმაციით, აქ მოვარდნილი სტიქიის შედეგად, ჩამოიშალა მეწყერულ ზონაში მდებარე ნაგუზალოვების ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი, რომელშიც ერთი ფეხმძიმე ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.
როგორც თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ დაგვიკონკრეტა, აღნიშნული სახლის ნაწილი გასულ უქმეებზე მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა და დღევანდელმა ღვარცოფმა სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე გახადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი სოციალურად დაუცველია და წლების განმავლობაში ითხოვს დახმარებას.
გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფლის საყანე ფართობები თითქმის მთლიანად დატბორილია.
როგორც ბესიკ კუპრაძემ გვითხრა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ზარალს ადგილზე შეისწავლის და შესაბამისად დახმარების შესახებ გადაწყვეტილებასაც შემდგომ გამოიტანენ.