ამ წუთებში, გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მიერ სამაშველო ღონისძიებები ტარდება ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიასა და სოფელ შემოქმედში.
ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ შემოქმედს.
გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა, შალვა ბოლქვაძემ, "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ მდინარე ბჟუჟის ადიდების შედეგად, სოფელ შემოქმედში 10 ოჯახის ევაკუაცია მოხდა, ადმინისტრაციული შენობისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია სულ დაიტბორა.
"გამოვიყვანეთ სკოლიდან პედაგოგები და ბავშვები, მსხვერპლი არ არის, თუმცა ადიდებულმა მდინარემ ცენტრალური საავტომობილო გზა ჩამოაშვავა და ამ წუთებში მოძრაობა შემოქმედის მიმართულებით დაკეტილია.
ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე დატბორილია საცხოვრებელი სახლები, წმინდა გიორგის ქუჩაზე ქალაქ ოზურგეთში სამი ოჯახია ევაკუირებული.
დახმარებას გვიწევს იმერეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები, ველოდებით წყლის დონის დაწევას, რათა ჩავატაროთ უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები", _ განაცხადა შალვა ბოლქვაძემ.