დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მოქმედი 31 დეპუტატიდან 28 ესწრებოდა.
მწვავე გამოდგა საკითხი, რომელიც ა(ა)ი.პ.-ებში რეორგანიზაციას ითვალისწინებს. საკითხი სამსახურებში განსახორციელებელი რეორგანიზაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა წარადგინა.
სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის მიხედვით, უნდა გაერთიანდეს – კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ცენტრი, კულტურის ცენტრი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, სუფსის სამუსიკო სკოლა, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლა და სამხატვრო სკოლა. ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: ტურიზმის ცენტრის, აგრო-ბიზნეს ცენტრი და შპს "ლანჩხუთი-სერვისი". საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრში კი განხორციელდეს რეორგანიზაცია.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ განმარტა, ა(ა)იპ-ებში შტატები საკმაოდ გადატვირთულია, კულტურის სფეროს სამსახურები ერთ სისტემაში უნდა მოექცეს, რომ მართვა უკეთესი გახდეს და ამით ბიუჯეტში თანხაც დაიზოგოს.
მისივე თქმით, კულტურის სამინისტროსთან და მხარის გუბერნატორთან მას ამ საკითხებზე საუბარი უკვე ჰქონდა და დადებითი შეფასებაც მიიღო.
ურუშაძემ ისაუბრა ბიუჯეტში დამატებით 20-25 ათასი ლარის შემოსავალზეც, რაც შესაძლოა ტურიზმის, აგრო-ბიზნესისა და შპს "ლანჩხუთი-სერვისის" გაერთიანებით მოხდეს.
"ავტობუსის მძღოლებს გადასახადს დავუწესებთ. 60 მიკრო ავტობუსი სახლში ტყუილად დგას გაჩერებული, მათი მძღოლები დასაქმებას ითხოვენ.
ბიზნესის განვითარებაზეც ვიზრუნებთ, ხალხს დავეხმარებით ბიზნეს-გეგმების შედგენაში, ციტრუსის სხვადასხვა ქვეყნებში გატანაშიც ხელს შევუწყობთ მოსახლეობას", _ აღნიშნა ურუშაძემ და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმიც აუცილებლად უნდა განვითარდეს.
როგორც სხდომაზე ითქვა ბიუჯეტს არ აქვს იმის საშუალება, რომ 800 საშტატო ერთეული არჩინოს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეეხო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ხელმძღვანელის შეცვლის საკითხსაც.
როგორც მან აღნიშნა, ეს მისი თვითმიზანი არ ყოფილა და ეს ცვლილება იმიტომ მოხდა, რომ ამ სფეროსთვის ახალი სიცოცხლე იყო საჭირო, ამავდროულად რეორგანიზაციაც.
როგორც ურუშაძემ აღნიშნა – "ჩემი მიზანია ბიუჯეტიდან ნაკლები თანხები გავიდეს და მეტი შემოვიდეს."
გამგებლის მოხსენების შემდეგ ცალკეული დეპუტატებს კონკრეტული კითხვები გაუჩნდათ ა(ა)ი პ-ების გაუქმების კანონიერებასთან დაკავშირებით.
ასევე, მათი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შემცირებების თემა.
კახა ასკურავას თქმით, იგი ელოდა, რომ საკრებულოს სხდომაზე საბავშვო ბაღების დამატების თემას განიხილავდნენ.
თუმცა, საკრებულოს დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ა(ა) ი პ-ებში რეორგანიზაცია გარდაუვალია.