ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატმა გია გოგუაძემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სააგენტომ, ნიგოეთის თემის სოფელ ქვიანში ჩაატარა 17 ჰა-ზე არსებული მთის ზოლის სალიცენზიო აუქციონი, სადაც ერთ-ერთმა კომპანიამ, 250 ათას ლარად მოიპოვა ინერტული მასალების მოპოვების ლიცენზია.
დეპუტატი დაინტერესდა ადგილობრივი ხელისუფლება იყო თუ არა საქმის კურსში. ასევე, კანონმდებლობის თანახმად, რა თანხა ერგება მუნიციპალიტეტს ამ ტენდერის შედეგად, თუ მიდის მუშაობა შემდეგ საკითხზე – აღნიშნული ინერტული მასალების მოპოვების მოსაკრებელი, რა სახით აისახება ადგილობრივ ბიუჯეტში.
საკითხის კომენტირებისას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ ის აპირებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართოს ოფიციალური წერილით, რათა შეაჩეროს აღნიშნული აუქციონი.
"ჩვენთვის მიუღებელია იმ ტერიტორიაზე ინერტული მასალების მოპოვების სამუშაოები განხორციელდეს."
ჩვენი ინფორმაციით, სოფელ ქვიანის და ჯაპანის მოსახლეობა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია. მით უმეტეს, რომ ინერტული მასალების მოპოვების ზონაში სოფლის სასაფლაოც მოხვდა.