26 სექტემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი დარბაზი დაფუძნდა. აღნიშნული დარბაზის დაარსების აუცილებლობაზე მერი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა. საზოგადოების სურვილი იყო შექმნილიყო დარბაზი, სადაც შეიკრიბებოდნენ ოზურგეთელები. მთავარი მიზანი კი ის გახლდათ, რომ ქალაქის მერიას ოზურგეთელებთან შეთანხმებით და აზრთა შეჯერებით გადაეწყვიტა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
"მე თქვენ გარეშე, თქვენი ჩართულობის გარეშე, ვერ შევძლებ მივაღწიო სასურველ შედეგს, რაც დარწმუნებული ვარ ერთნაირად გვაწუხებს ყველა ღირსეულ ოზურგეთელს, გვერდზე გადავდოთ პირადი ინტერესები და ერთად დავდგეთ ოზურგეთის გვერდით, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ საქმეს, რასაც დღეს საფუძველს ჩავუყრით. დარბაზის თავმჯდომარის არჩევის შემდგომ, მაქვს წინადადება, ავირჩიოთ საპატიო თავმჯდომარე და დარბაზის საბჭო" – ბეგლარ სიორიძემ დღეს შეხვედრაზე მოწვეულ ადამიანებს დიდი ნდობა და პატივისცემა გამოუცხადა.
ვასილ ჩიგოგიძე: " სასიამოვნოა, რომ ეს დღე შედგა. ჩვენს ქალაქს ბევრი პრობლემა და ტკივილი აქვს, სულითა და ხორცით უნდა ვიდგეთ მის გვერდით, ეს დარბაზი იქნება საკრებულო წევრებით, რომლებიც პირადს გვერდით გადადებენ და მართლაც საქმეს გააკეთებენ, დიდი მადლობა ქალაქის მერს".
ავთანდილ სურგულაძე: " დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება ოზურგეთის აქტიური ნაწილი ბრძანდებით, თქვენი სიღრმიდან უნდა წამოვიდეს აზრები და გაკეთდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმეები. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი შეხვედრა. ის, ვინც გაწევრიანდება ამ დარბაზში, უნდა იყოს აქტიური, ძალდატანებით არ უნდა მოხდეს დარბაზის შეკრება".
ნუგზარ ასათიანი: " ბედნიერი ვიქნებოდი, დღეს აქ რომ მსხდარიყვნენ: რენო ურუშაძე, თეზიკო ქილიფთარი, ქუჩუჩი კეჭაყმაძე, შოთა მჟავია… მართლაცდა, ღირსეული ოზურგეთელები. მომავალში, როცა შევიკრიბებით, უნდა დავივიწყოთ ჩვენი პროფესია და პროფესიად გავიხადოთ ოზურგეთელობა".
ირინა გოგოუაძე: " უჩვეულო შეხვედრაზე ვარ და ემოციებით დატვირთული. დღეს აქ ვხედავ ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე. დასაწყისი ძალიან კარგია, ყველაფერი ასე გაგრძელდეს. ჩვენი ქალაქის ტრადიცია, ისტორია ჩვენგან უნდა დაინახონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ".
არსენ კეჭაყმაძე: " ბევრი კარგი რამ კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, უპირველეს ყოვლისა, დასუფთავების კუთხით, ასევე, დაცულია მოძრაობის წესები. დიდი სურვილი მაქვს, ამ კუთხით გაგრძელდეს მუშაობა, რომ მომავალში უფრო ლამაზი ქალაქი გვქონდეს".
დავით დარჩია: " დღეს, როგორც რიგითი ოზურგეთელი, მიგულეთ თქვენს გვერდით, მჯერა, რომ გაამართლებს ამ დარბაზის იდეა, თითოეული ჩვენგანი გავერთიანდებით ერთი მიზნით და ეს მიზანი ოზურგეთზე ზრუნვაა".
დარბაზის თავმჯდომარის პოსტზე დასახელდა რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა, რომელთაგანაც ვასილ ვაშალომიძე იქნა არჩეული. ჩამოყალიბდა დარბაზის საბჭო, შემდეგი შემადგენლობით: ბიჭიკო ანთაძე, ლევან მჟავანაძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, ირინა გოგოუაძე, ჭაბუკა მამეიშვილი, ნინო კუკულაძე. მოწვეულმა საზოგადოებამ საპატიო თავმჯდომარედ, ერთხმად, არსენ კეჭაყმაძე აირჩა. ბეგლარ სიორიძემ, შეხვედრის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს წინადადებით მიმართა, რომ გამოეთქვათ აზრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ა(ა)ი.პ-ების ყოფილი სასტუმრო "გურიის" შენობაში განთავსების შესახებ, რაც ხელსაყრელი იქნებოდა თითოეული მოქალაქისთვის, რომელსაც არ მოუწევდა კონკრეტული საკითხის მოსაგვარებლად სხვადასხვა ადგილზე მისვლა და ერთ შენობაში გადაწყვეტდა საჭირო საქმეს. მერის მოსაზრება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ახლად არჩეული დარბაზის წევრებმა მოიწონეს.
(R)