მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სუბელიანმა კი ვიდეო იუთუბზე ატვირთა. „ღვინო წამეიძღვანიე, ჯარიმა არ გინდა, გვაქს თქვა“, _ ასეთი მინაწერი გაუკეთა სუბელიანმა ვიდეოკადრებს.
სუბელიანის მიერ გავრცელებული ვიდეო მედიამ აიტაცა და დაიწერა, რომ პატრულმა, ანსამბლის წევრი, კოტე ჩავლეიშვილი სიმთვრალის გამო 150 ლარით დააჯარიმა და სწორედ, ეს გააპროტესტეს სიმღერით ბიჭებმა.
თუმცა, როგორც გაირკვა, ჩავლეიშვილი არა სიმთვრალის, არამედ ავტომანქანის არასწორად გაჩერების გამო დააჯარიმეს.
_ სხვადასხვა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიმთვრალისთვის დაგვაჯარიმეს. ზოგი წერს, რომ _ სიმღერისთვის. ეს არ არის სწორი. პლეხანოვზე ვიყავით, რესტორან „პილპილის“ წინ, არტოს ბაღთან რამდენიმე მეტრში. ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმზე გვქონდა გამოსვლა და რესტორანში შევდიოდით. ჩვენმა მეგობარმა მანქანა არასწორად გააჩერა, რისთვისაც პატრულმა ათი ლარით დააჯარიმა, _ აღნიშნავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ანსამბლის წევრი, ილია ჯღარკავა.