(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ როგორც ჩვენი გაზეთისთვის გახდა ცნობილი, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, დავით ცირეკიძე სერიოზულ საკადრო წმენდას იწყებს. ჩვენი წყაროს ცნობით, სამმართველოს ახალმა უფროსმა პოლიციაში მსუქანი და ღიპიანი პოლიციელების გაჩერებაზე უარი განაცხადა: _ პოლიციელებს ერთი თვე აქვთ მიცემული სავარჯიშოდ და ფორმაში ჩასადგომად. ცირეკიძემ გარკვევით განმარტა, რომ ერთ თვეში, გურიის მუნიციპალიტეტებში, მსუქანი და ღიპიანი პოლიციელები ვერ იმუშავებენ. მისი განმარტებით, პოლიციელს დამნაშავის დევნის დროს, ღიპმა ხელი არ უნდა შეუშალოს, _ ამბობს ჩვენი წყარო, რომლის თქმით, ცირეკიძემ რამდენიმე თანამშრომელი პოლიციის აკადემიაში სპეციალური კურსის გასავლელად გაუშვა. წყარო ამტკიცებს, რომ ახალი უფროსი სპეცრაზმის მსგავსი დანაყოფის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლებსაც უფლებამოსილებაც გაზრდილი ექნებათ და რომელშიც, გამოცდილი, ნავარჯიშები და კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონე პოლიციელები იქნებიან.
ამ საკითხებზე სამხარეო სამმართველოში ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ.