საქართველოს უზენაესი სასამართლო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაზუსტია თეა წულუკიანის ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესმა სასამართლომ მას არ მიაწოდა ინფორმაცია განაჩენების სტატისტიკის შესახებ.
"უზენაესი სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესის თანახმად. იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 2014 წლის 24 მარტს მომართა წერილით და მოითხოვა სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება, რაზედაც სასამართლოდან მიიღო პასუხი და დანართი აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების მითითებით. სასამართლო ასევე დამატებით აცხადებს, რომ გასაჯაროვებულია სტატისტიკური მონაცემები სასამართლოს საქმიანობის შესახებ და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ამ ინფორმაციის მოძიება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ მინისტრის მიერ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ ემსახურებოდა სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე", _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ წინა მთავრობის პირობებში პროკურორის ოფისი ყველაფერს აკონტროლებდა, რაც გამამართლებელი განაჩენების სიმცირეს ხსნის.
მისივე განმარტებით, მან ადეიშვილის ფაილი აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე პროკურატურასთან ახდენდა განაჩენის შეთანხმებას.
"მე მაქვს ფაილი, რომელიც ჩემს წინამორბედს დარჩა. ეს არის მოსამართლის ანგარიში ჩემი წინამორბედისადმი, რომელიც ამბობს რომ მე [მოსამართლემ] განვიხილე ყველა სისხლის სამართლის საქმე რათა დამედასტურებინა, რომ ყველა მოსამართლე ჩემს სასამართლოში ისეთ განაჩენს გამოიტანს, რომელიც შეესაბამება პროკურატურის მოთხოვნებს", _ განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება თავად განაჩენების სტატისტიკას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ამ სტატისტიკაზე ხელი არ მიუწვდება, ვინაიდად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარს აცხადებს ამ სტატისტიკის იუსტიციის სამინისტროსთვის მიწოდებაზე.
საქმე ეხება გამამართლებელი განაჩენების 2012-2014 წლების სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, გამარართლებელი განაჩენები დაახლოებით სამჯერ შემცირდა.