საქართველოს მთავრობა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD), ელექტროგადამცემი სისტემებისთვის, 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხს იღებს.
სესხის ხანგრძლივობა 25 წელია, მათ შორის 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება პარლამენტს რატიფიცირებისთვის უკვე წარედგინა.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, პროექტი შემდეგი კომპონენტების განხორციელებას ითვალისწინებს: ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი (220კვ) ხაზის მშენებლობა; ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმის მომზადებას, მომარაგებასა და ინსტალაციას. პლატფორმის, როგორც ტექნიკურ, ასევე პროგრამულ უზრუნველყოფას აღრიცხვის, ანგარიშგების, საბალანსო და ვაჭრობისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისების ჩათვლით; ელექტროენერგიის სექტორის სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება; ელექტროგადამცემი სისტემების შესწავლა.
აღნიშნული ითვალისწინებს ახალი ელექტროგადამცემი სისტემის გაფართოების გეგმის მომზადებას. მომავალი ელექტროგადამცემი ხაზების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლების მომზადებას და წინასწარი დიზაინების მომზადებას მომავალი ელექტროგადამცემი ხაზებისათვის.