ოზურგეთში, 12 ოქტომბერს ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა; წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და გაზგაყვანილობის მილები; ელექტროენერგია ქალაქს მთელი დღის განმავლობაში, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შუქი დღე-ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ.
გუბერნიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ისააკ ლომთათიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია: _ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში გამოძახებები დაფიქსირდა ჯორჯიაშვილის ქუჩიდან _ ე.წ. “ტუნდისპანსერის” ბინებს დაუზიანდა სახურავი, ასევე გადმოვარდნილმა სახურავმა დაააზიანა გაზის მილები, ექადიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა მოთხრა ხეები. დანარჩენი გამოძახებები დაფიქსირდა ერთერთ ქუჩაზე, სოფელ ოზურგეთში, ლიხაურში და ანასეულში. საბედნიეროდ, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. ზარალის ოდენობაზე ვერ ვიტყვით, რადგან აუდიტორიული შეფასება ჩვენს სამსახურს არ არ ეხება, _ გვითხრა ლომთათიძემ.
“ენერგო_პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის მენჯერის გია ნაკაიძის თქმით, დღეს ოზურეგთის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება.