ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეკვეთილში მდებარე ბიძინა ივანიშვილის ვილას მეორე დღეა, პოლიცია უთვალთვალებს. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, “მოდარაჯე” პოლიციელები გურიის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები არ არიან.
_ სავარაუდოდ, დედაქალაქელი პოლიციელები არიან, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ და უკვე მეორე დღეა, ივანიშვილის ვილას და მიმდებარე ტერიტორიას უთვალთვალებენ, _ გვითხრა წყარომ.
მისივე ინფორმაციით, პოლიციელები იქ მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს ჟურნალისტებად ეცნობიან, ივანიშვილის გურიაში მომუშავე გარემოცვით და ბიზნესმენის მიერ დაფინანსებული მშენებლობებით ინტერესდებიან.
ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის გურიაში არ იმყოფება და მსგავს ინფორმაციას არ ფლობს:
_ გურიაში არ ვარ, წყალტუბოში ვისვენებ. გადავრეკავ, გავარკვევ სიტუაციას და დაგიკავშირდებით, _ გვითხრა ადიკო ივანიშვილმა, რომელმაც ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში დაგვირეკა და გვითხრა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ივანიშვილის ვილასთან ამ დროისთვის პოლიციელები არ იმყოფებიან.