"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება.
საქართველო გახდება მსოფლიოში 67-ე ქვეყანა, სადაც გოჭების დაკვლა აიკრძალება. კანონი ძალაში შევა 1-ლი დეკემბრიდან და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგს გაუწევენ ბაზრობებს და მარკეტებს. ასე რომ, წელს ქართულ საახალწლო სუფრას ვეღარ დაამშვენებს ტრადიციული გოჭი. იურიდიული კომიტეტის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისგან ითხოვდა კანონის ამოქმედების ერთი წლით გადადებას და დასაკლავი გოჭების ასაკის ექვს თვემდე ჩამოწევას, მაგრამ ამ თხოვნას ბრიუსელმა უარით უპასუხა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გოჭების იმპორტის შესახებ იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომელთაც ხელი არა აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ევროკავშირში აღნიშნული კანონი მწვანეების ინიციატივით მიიღეს, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოჭების ჭამა არ არის გამოწვეული კვებითი აუცილებლობით და მხოლოდ ფუფუნებაა, _ წერს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში და დასძენს: "ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!"
"გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის უწყებებში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი რამ არ ხდება. აღნიშნულს ჩვენთან საუბრისას მაღლაფერიძეც ადასტურებს და ამბობს, რომ ეს უბრალო ხუმრობაა.