ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებული გურამ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ ცეცხლაძემ 2014 წლის 3 ივლისს ბაირამ ჩოშქუნისგან მიიღო შემოთავაზება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მას სატვირთო მანქანით, რომელსაც თავად მართავდა, ბათუმიდან მოლდოვას რესპუბლიკაში 600 ბიდონი თხევადი საპონი უნდა გადაეტანა, რის შემდეგაც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებდა.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნონდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში ჩატვირთული ტვირთი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქ/პუნქტით. ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან ევგენი გორგაძე და თურქეთის მოქალაქე შეფიქ სემიზოღლუ. ასევე, თურქეთის მოქალაქე ბაირამ ჩოშქუნის მიმართ, რომელიც მიმალვაში იმყოფება, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.