თბილისის სამხატვრო აკადემია რექტორის არჩევნებისთვის ემზადება, სადაც ერთმანეთს სულ 2 კანდიდატი უპირისპირდება.
რა პრობლემების წინაშე დგას სამხატვრო აკადემია და რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ, ამ თემებზე "გურია ნიუსი" აკადემიის რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს, მხატვარს, პროფესორ გია გუგუშვილს ესაუბრა.
როგორც გუგუშვილი, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, გადაწყვეტილება, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, ვალდებულებებმა მიაღებინა.
_ მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე იყო დაგროვილი ინფორმაცია – იგივე სტუდენტებთან, საზოგადოებასთან, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის.
ასევე, გარკვეული როლი ითამაშა ჩემი კოლეგების რჩევამ – მეყარა კენჭი. ჩემში, შიგნითაც მოხდა იმ ვალდებულების წინ წამოწევა, რომელიც გეუბნება, რომ მზად ხარ შენს გუნდთან ერთად შეეჭიდო იმ პრობლემას, რომლის წინაშეც სახელოვნებო სივრცე დგას.
სწორედ ამ რამდენიმე კომპონენტის თანხვედრით მოხდა გადაწყვეტილების მიღება.
_ სამხატვრო აკადემია ის ადგილია, სადაც სტუდენტები ხშირად უცნაური პერფორმანსებით გამოხატავენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას აქ მიმდინარე სხვადასხვა პროცესებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი ხედვა? რას შეცვლიდით აკადემიაში?
_ ეს რამდენიმე მიმართულებას შეეხება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა სტუდენტებთან დამოკიდებულებას. აუცილებელია მათი მოსმენა და მიმდინარე ცვლილებებში, რეფორმებში ჩართულობა.
ყურადღება უნდა მივაქციოთ კლასიკურ განათლებას. უნდა გაიხსნას ახალი სახელოსნოები და რა თქმა უნდა, აუცილებელია შენობის რესტავრაცია.
ახალი ხედვის ჩამოყალიბება დაიწყება, ესაა დროის მოთხოვნა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ჩვენი კულტურა არ დაღუპულა.
_ თქვენი არჩევის შემთხვევაში, უნდა ელოდოს თუ არა აკადემიის პერსონალი რეორგანიზაციას?
_ იმისთვის არ მოვდივარ, რომ ვინმე გავუშვა. თუმცა, ყველა ახალ ხედვას, ახლავს კადრების გადანაცვლება. ახალი პროფესორების დასაქმება, იქნება ეს ქართველი თუ უცხოეთიდან მოწვეული.