მომავალი წლის ბიუჯეტი 9 მილიარდ 350 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2015 წლის ბიუჯეტის მიღება საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა მოასწროს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვს. დაფინანსების გაზრდას ითხოვს თავდაცვის სამინისტროსც. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, სამინისტროებს ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად ვერ გაეზრდებათ, რადგან მოთხოვნები მილიარდ ლარზე მეტია.
"ბიუჯეტი მთავარი პრიორიტეტების მიხედვით დავგეგმეთ. მილიარდ სამასი მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტის სოციალური ნაწილის დაფინანსება, ჯანდაცვა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. ვგულისხმობ საყოველთაო დაზღვევას. ერთი თვის თავზე, მიმაჩნია, რომ გვექნება სრულყოფილი ბიუჯეტი“, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
"გურია ნიუსი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ხარჯებით დაინტერესდა და უწყებას კონკრეტული ინფორმაციის – რამდენით გაიზარდა წელს სამინისტროს ბიუჯეტი, რომელი პროექტებისთვის ითხოვენ დაფინანსების მომატებას და ა.შ, მოწოდება ვთხოვეთ.
_ რამდენ ლარს შეადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2015 წლისთვის? წინა წელთან შედარებით რამდენითაა გაზრდილი?
_ არსებული პროექტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის "2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით“ გათვალისწინებულია 828,9 მლნ ლარი (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 780,0 მლნ ლარია, ამასთან, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCA – GEORGIA) ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებიდან თანადაფინანსება 7,0 მლნ ლარს, ხოლო გრანტის მოცულობა 41,9 მლნ ლარს შეადგენს);
2014 წლის გეგმა შეადგენს 754,3 მლნ ლარს (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები 720,0 მლნ ლარია, ამასთან, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCA – GEORGIA) ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებიდან თანადაფინანსება 5,2 მლნ ლარს, ხოლო გრანტის მოცულობა 29,1 მლნ ლარს შეადგენს).
შესაბამისად, ზრდამ შეადგინა 74,6 მლნ ლარი (მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 60,0 მლნ ლარით, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (MCA – GEORGIA) ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებიდან თანადაფინანსების ნაწილში ზრდამ 1,8 მლნ ლარი, ხოლო გრანტების ნაწილში 12,8 მლნ ლარი შეადგინა);
_რატომ ითხოვს (კონკრეტულად, რომელი პროექტებისთვის) განათლების სამინისტრო დამატებით 100 მილიონ ლარს და რა გამოხმაურება მოჰყვა ამ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიერ?
_ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდისათვის 2015 წელს 50 მლნ ლარია საჭირო; უმაღლესი განათლების განვითარების ფონდისათვის 10 მლნ ლარი, აღნიშნულის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოთხოვნილი პროექტების დაფინანსება.
მეცნიერების აღდგენა და განვითარება პროგრამული კოდის დაფინანსების გაზრდა 5 მლნ ლარით, საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციისა და ცერნის საწევროს გადახდისათვის;
საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია/აღჭურვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის დამატებით 35 მლნ ლარი;
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან;
_ ბიუჯეტის ახალი პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია თუ არა ძველი პროექტების (ყველა მოსწავლისთვის წიგნების დარიგება, პირველკლასელებისთვის ბუკების გადაცემა და ა.შ) გაგრძელება?
_ყველა ზემოაღნიშნული პროექტი გაგრძელდება. ამასთან მოგახსენებთ, რომ უკვე გაზრდილი ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მიიმართება პროფესიული განათლების მიმართულებით, დამატებით 16 მლნ ლარი, უფასო ფაკულტეტების (პროგრამული დაფინანსება) დაფინანსება დამატებით 13,0 მლნ ლარი, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა დამატებით 10,7 მლნ ლარი და სხვა.