საქართველოს პარლამენტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ძუძუს კიბოს პრობლემატიკისადმი მიძღვნილი თვის აღსანიშნავად, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში თემატური ბანერი განთავსდა. სოლიდარობის ნიშნად პარლამენტის წევრებმა სამკერდე ნიშნად დღეს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო, ვარდისფერი ბაფთები დაიმაგრეს.
"ჩვენ მკერდზე მიმაგრებული გვაქვს ვარდისფერი ბაფთა, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა. ამ სიმბოლური ჟესტით ჩვენ მოვუწოდებთ ქალბატონებს, დროულად ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევები, რაც დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ამავდროულად, ჩვენ გამოვხატავთ თანადგომას იმ ქალბატონების მიმართ, ვინც ძუძუს კიბოს დამარცხება შეძლეს. კიბო არ არის განაჩენი! მისი დროული გამოვლენა გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეს!"
– განაცხადა პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში, ოქტომბერი, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რომლის დროსაც დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა აქტივობებით ხდება.
საქართველოში ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამას ეროვნული სკრინინგ ცენტრი 2008 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში 40-დან 70 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევები უტარდება. პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით ხორციელდება.