ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შევიდა პროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობის პირები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.
პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები 2 650 ლარით არის განსაზღვრული, პირველი მოადგილის _ 2 250 ლარით, სხვა მოადგილეების _ 2 050 ლარით. სამსახურის უფროსების ყოველთვიური ანაზღაურება 1 850 ლარი გახდება, განყოფილების უფროსის _ 1 050 ლარი, ამდენივე ექნება გამგებლის წარმომადგენელს ტერიტორიულ ორგანოში, გამგებლის თანაშემწე 1 000 ლარს მიიღებს, მთავარი სპეციალისტი _ 850 ლარს, წამყვანი სპეციალისტი _ 750 ლარს, უფროსი სპეციალისტი _ 700 ლარს, ხოლო სპეციალისტი _ 650 ლარს.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა თანამდებობის პირები ხელფასების მომატებაზე ზრუნავენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი, შესაძლოა, 1 მილიონი ლარით შემცირდეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ზუსტად ვერაფერს იტყვის და დასძენს, რომ ხელფასების მომატებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედვას.
_ ბატონო მერაბ, ჩვენი ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ოზურგეთს მილიონი ლარით ნაკლები ექნება…
_ ჯერ მაგაზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით.
_ იმაზე რას გვეტყვით, რომ ამ ინფორმაციის ფონზე ხელფასების მატება გადაწყვიტეთ?
_ ახლა რანგირება მოხდა. ეს საკრებულოს სამსჯელო თემაა. ამ პროცესის დასრულებას მთავრობის გადაწყვეტილება მოუსწრებს ზედა ზღვრთან დაკავშირებით. ამის შემდეგ დარეგულირდება ეს საკითხი. ის, რაც საკრებულოში შევიდა, უბრალოდ პროექტია.
_ ნორმალურად მიგაჩნიათ ხელფასების ასეთი ზრდა იმ პირობებში, რომელშიც ვცხოვრობთ? ოზურგეთში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც შიათ, სცივათ, სახლი არა აქვთ… თანამდებობის პირებს, ოზურგეთში ამ რაოდენობის ხელფასი არასდროს ჰქონიათ… თანაც ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სამსახურის უფროსს 1 000 ლარი აქვს, თქვენთან რით არიან გამორჩეულები?
_ აქაც ეგრე იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პროექტი. მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს საჯარო მოხელეს, თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს პროექტია.
_ პროექტის ავტორი ვინ არის?
_ არავინ (?!).
_ რას ნიშნავს არავინ? პროექტი ხომ გამგეობამ შეიტანა საკრებულოში?
_ არაა ასე. სხვა თემაა და აბსულუტურად გადასაწყვეტი თემაა. საჯარო მოხელეს ხელფასი უნდა ჰქონდეს მაღლი. გეტყვით რატომაც _ ეს შედის იმ 13 თანამდებობის პირში, რომელსაც არ იცავს არაფერი (?!). ყველა საჯარო მოხელე, გარდა თანამდებობის პირებისა, გადის კონკურსს, ანუ მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს ლეგიტიმაცია აქვთ ჩემთან ერთად. აქედან გამომდინარე, მივდივარ მე, მიდიან ისინიც. საკამოდ შრომატევადი სამუშაო აქვს ყველას.
_ ეს ვიცით, მაგრამ სხვა კითხვას ვსვამთ. ვინ მოამზადა პროექტი, რომელსაც თქვენც ეთანხმებით?
_ ჩემი დათანხმება აქ არაფერ შუაშია (?!).
_ აბა რა არის შუაში? ვინ მომზადა პროექტი?
_ არა არის ეს, რა.
_ როგორ არის, იქნებ აგვიხსნათ?
_ ყველა იღებს მონაწილეობას ამაში. საკრებულოს აპარატიც არის აქ.
_ ერთობლივი პროექტია?
_ კი.
_ ბატონო მერაბ, ბიუჯეტს აქვს ამის შესაძლებლობა?
_ პირდაპირ გეტყვით _ აქ არ არის საუბარი დანამატებზე. არასდროს არ მომხდარა დანამატის გაცემა. საუბარია იმ სამსახურის უფროსებზე, რომლებსაც არანაირი ჩარჩო, კანონი არ ეხებათ, როცა მე წავალ სამსახურიდან (?!). შესაბამისად, მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განყოფილების უფროსებს, სპეციალისტებს, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, გარანტირებული აქვთ სამსახურები და აქედან გამომდინარე, პრობლემა არ არის. თუმცა, ეს შეიძლება დარჩეს, შეიძლება, არ დარჩეს. მე აქ პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ, _ ამბობს ჭანუყვაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ამ ფაქტში "სასწაულს“ ვერ ხედავს.
_ ეს ერთობლივი პროექტია. რა თქმა უნდა ერთობლივად გადავწყვიტეთ. თანხა რაოდენობრივად არსად არ გაზრდილა(?!). პირიქით, თანამშრომლები შევამცირეთ _ 24 გვყავდა საკრებულოს აპარატში და იქნება 15.
_ თქვენ კი არა, კანონმა შეამცირა…
_ არაფერი შეუმცირებია კანონს. არაფერს არ ითვალისწინებს კანონი, სიმართლე რომ გითხრათ.
_ როგორც ვიცით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით მცირდება. ამ ფონზე ხელფასების ასეთი მატება მისაღებია?
_ ჩვენ ტესტირებას ვატარებთ, აგერ, იმას ვშვებით (?!). მიმაჩნია, რომ ნორმალურია და ძალიან კარგია. თუკი ბიუჯეტი შემცირდება, თქვენ იცით და მე არ ვიცი ამის შესახებ არაფერი, როგორც მივუმატეთ, ისე მოვაკლებ, _ ამბობს დარჩია, რომლის თქმით, ამ პროექტის მიღების წინააღმდეგი არავინაა.
მისივე თქმით, ხელფასების მატება შეეხებათ საკრებულოს კომისიების და ფრაქციის თავმჯდომარეებს.
_ ბატონო დავით, "გურია ნიუსი“ ყოველდღიურად ხვდება ოზურგეთში ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ სახლი, წამლის ფული, საარსებო წყარო. თქვენ თუ ხვდებით ასეთ ხალხს?
_ მეც ვხვდები, ალბათ.
_ ბოლოს როდის შეხვდით?
_ ნუ, ვერ გეტყვით ახლა, როდის შევხდი, მაგრამ ეს საკითხები, არ მგონია, "გურია ნიუსზე“ ნაკლებად მიმქონდეს გულთან.
_ მინიმუმ, არ გეუხერხულებათ, როცა თქვენ ამხელა ხელფასები გაქვთ და გაჭირვებულ ადამიანს ას ლარს აძლევთ?
_ თქვენი ჭირიმე! მე რა უნდა მეუხერხულებოდეს? ჩემი მიზანია, რომ არავინ იყო გაჭირვებული. ჩვენი ქვეყანა ისე მიდის რომ ეს ნამდვილად იქნება. მჯერა, რომ ეს ასეა. ის არ არის, რაც იყო და რაც გვახსოვს. ამ საკითხებზე ასე ვერ ვისაუბრებ (?!). პირისპირ უნდა ვისხდეთ.
_ კითხვაზე პასუხის გაცემას პირისპირ დასხდომა სჭირდება?
_ უფრო დარწმუნდებით, რა და როგორაა. რაზე უნდა გაგცეთ პასუხი? რაც მკითხეთ, გაგეცით პასუხი.
_ რის ფონზე გჯერათ, რომ ქვეყანა წინ მიდის?
_ იმის ფონზე, რომ ქვეყნაში გარემო, სიტუაცია შეიცვალა. ბიზნესს ყველაფერი შეუძლია.
_ კერძო სექტორში ერთი დასაქმებული ადამიანის ვინაობა შეგიძლიათ გვითხრათ?
_ კი, დასაქმდა, მაგრამ ასე ვერ გეტყვით. არ მახსოვს, და.
_ მოკლედ რომ გვითხრათ, ხელფასების მატება თქვენთვის მისაღებია?
_ ვერაფერს ვხედავ ამაში. არაფერი სასწაული არ არის. ყველაფერი კანონზომიერების ფარგლებში ხდება. მაგ თანხას მხოლოდ ხელფასზე თუ მოიხმარ (?!), სხვაზე ვერ გამოიყენებ(?!). არ მგონია, რამე ისეთი იყოს, _ გვითხრა დარჩიამ.