ორი დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ იტალიის ეროვნული გუნდისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებს.
35 წლის მოთამაშეს „იუვენტუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება.
რამდენიმე კვირის წინ გუნდმა ანდრეას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ მოულოდნელად ცივი უარი მიიღო. აღმოჩნდა რომ ფეხბურთელს წლიური ანაზღაურების მნიშვნელოვნად მომატება სურს. კლუბი ასაკოვანი ნახევარმცველისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით, მიმდინარე წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში პირლო მადრიდის „რეალში“ გადაბარგებას აპირებდა. ამ გუნდის ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ნახევარმცველს ჩინებულად იცნობს, რადგან რამდენიმე წლის განმავლობაში „მილანში“ ერთად თანამშრომლობდნენ.
დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ „The Guardian” გაავრცელა ცნობა რომ პირლო კარიერას დიდი ალბათობით ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს.
ინგლისელი ჟურნალისტების მტკიცებით, 35 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსს“ მომავალი საფეხბურთო სატრანსფერო ფანჯრის დღეებში დატოვებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლონდონური გუნდის წარმომადგენლებმა პირლოსთან მოლაპარაკება უკვე გამართეს და მოთამაშე არსენ ვენგერის გუნდში გადასვლაზე დაითანხმეს.