რამდენიმე საათის წინ რუსულმა გამოცემამ „სპორტ-ექსპრესმა“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილია რომ მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ეროვნული გუნდის 22 წლის მოთამაშე ჯანო ანანიძე ერთი თვის წინ რუსული „სახალხო გუნდის“ ხელმძღვანელობამ ძირითადი შემადგენლობიდან გამოიყვანა და ახალგაზრდულ ანუ დუბლშემადგენლობაში გაამწესა.
ამ „სადამსჯელო“ ოპერაციის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ რუსების ვერსიით, ჯანომ გუნდთან ერთად, რუსეთის თასზე, შორეულ ციმბირში ჩასატარებელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
„სპარტაკის“ მესვეურებმა „ურჩი“ ქართველი იმით დასაჯეს რომ მთავარ შემადგენლობას ჩამოაშორეს.
დღეს დილით, „სპარტაკის“ ახალგაზრდული გუნდი ქალაქ ეკატერინბურგში, ადგილობრივ „ურალს“ დაუპირისპირდა. მატჩი მოსკოველების გამარჯვებით დასრულდა – 3:1. ამ შეხვედრაში ერთი გოლი ქართველმა გაიტანა.
„სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტთან საუბრისას, „სპარტაკის“ მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა ვლადიმერ ბესჩასტნიხმა განაცხადა, რომ მისი გუნდის წარმატება უპირველეს რიგში ჯანო ანანიძის ჩინებული თამაშის დამსახურებაა.