ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების გამგის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, გამგებლის უშუალო ინიციატივით 16 ოქტომბერს ღრმაღელის თემში მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა. გამგებელთან ერთად, სოფლის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის მრჩეველი დავით წულაძე, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი მარინა კედია.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი გურამ ჩუბინიძე და მაჟორიტარი დეპუტატი თემურ მარშანიშვილი.
სულაბერიძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას განიხილეს ის საჭირბოროტო საკითხები, რაც დრესდღეისობით სოფელს აქვს. ძირითადად, საუბარი შეეხო სოფლის შიდა გზებს, რომელიც სექტემბრში მოსული ძლიერი წვიმების შედეგად უფრო დაზიანდა, სანიაღვრე არხებისა და წყალმომარაგების სისტემების პრობლემებს. შეხვედრაზე სოციალურად დაუცველი ადამიანების შესახებაც ისაუბრეს. გამგებელმა უშუალოდ მოინახულა ასეთი ოჯახები და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფებს დახმარებაც აღუთქვა.
სულაბერიძის ცნობით, მსგავსს შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ექნება და გამგებელი ყველა თემისა და სოფლის მოსახლეობას შეხვდება ეტაპობრივად.