ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გიორგი ჩხარტიშვილის სიცოცხლე შეეწირა.
შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე, გუშინ მოხდა. თვითმხილვეთა თქმით, BMW-ს მარკის ავტომანქანაში, ოთხი ახალგაზრდა იჯდა. იგი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და დაახლოებით 50 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ, ადგილზე დატრიალდა, კვალში გადავარდა და იქვე გადაჭრილ ნაძვის მორს წამოედო, რის შემდეგაც ამოტრიალდა, სრული ბრუნი გააკეთა და რკინის ღობეს დაენარცხა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო და იქვე გაყვანილი გაზის მილიც საგრძნობლად დააზიანა.
გიორგი ადგილზევე გარდაიცვალა, რის მიზეზადაც თავის ქალის მრავლობითი დაჟეჟილობა და ფუძის მოტეხილობა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის შემთხვევიდან რამდენიმე მეტრშია სასწრაფო დახმარება, თუმცა მის ადგილზე მისვლას ნახევარი საათი დასჭირდა.
გიორგი ჩხარტიშვილი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა, ზურაბ ჩხარტიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ჯანდაცვის სისტემაში, იგი ხუთი თვის წინ გარდაიცვალა. დედა, მაია ჩხარტიშვილი ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში ასწავლის.
"გურია ნიუსი" მომხდარის გამო ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.