ცნობილი მხატვრის, ივანე აივაზოვსკის "ზღვის პეიზაჟი", რომელზეც სტამბულის ხედია გამოსახული ბოსფორის სრუტიდან, დღეს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინა. ნახატი მრავალ წლის განმავლობაში აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საცავებში ინახებოდა და სავალალო მდგომარეობაში იყო.
სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ რომელიც დაახლოებით ოთხ თვეს მიმდინარეობდა ნახატის გამოფენა შესაძლებელი გახდა. – მას მრავალი დაზიანებები აღენიშნებოდა და ცუდ მდგომარეობაში იყო. რესტავრაცია საკმაოდ დიდ მუშაობასთან იყო დაკავშირებული და კმაყოფილი ვარ, რომ ეს შედეგი მივიღეთ. – განაცხადა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გუბაზ ვარშალომიძემ.
"ზღვის პეიზაჟი" ივანე აივაზოვსკის მეორე ნამუშევარია რომელიც აჭარაში ინახება. პირველი ნახატი ზომით მცირე და ისიც ზღვის თემატიკაზეა შექმნილი. ორივე ნამუშევრის მუზეუმში მოხვედრის ისტორია უცნობია. ზღვის პეიზაჟთან დაკავშირებული დაუდასტურებელი ლეგენდის მიხედვით კი იგი თავის დროზე მფლობელს მოპარეს, მოგვიანებით კი საბჭოთა ეპოქაში, მუზეუმს სამართალდამცველებმა გადასცეს.
აივაზოვსკის ნამუშევრების გარდა, დღესვე მუზეუმის საცავებში არსებული დასავლეთ ევროპული სამხატვრო სკოლის კუთვნილი კიდევ ორი ნამუშევარი გამოიფინა. ორთავე მანუშევარი ამ დროისათვის რესტავრირებულია და ისინი მუდმივ საგამოფენო დარბაზებში გადაინაცვლებენ.
ივანე აივაზოვსკი მსოფლიოში ცნობილი მხატვარია და მისი ნამუშევრები პრესტიჟულ აუქციონებზე მილიონებად არის შეფასებული. იგი პეიზაჟისტ-მარინისტად ითვლება და მისი ნამუშევრებიდან საყოველთაოდ ცნობილი განსაკუთრებით „მეცხრე ტალღა“-ა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში აივაზოვსკის კიდევ ორი ნამუშევარი „ნიკოლოზ I-ის ჩასვლა გელენჯიკში“ და „ოსმალთა ფელუკის დატყვევება“ დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.