დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, დიდია ალბათობა ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.
გასულ სეზონში კასილიასს კარლო ანჩელოტიმ უნდობლობა გამოუცხადა და სათადარიგოთა სკამის ხშირ ბინადრად აქცია. მართალია მიმდინარე სეზონში კარის დარაჯს მდგომარეობა გარკვეულწილად გამოუსწორდა, მაგრამ იკერს „რეალის“ დატოვება მაინც სურს.
ცნობილი გახდა, რომ ამ დღეებში იკერი „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ერთი წლით გასხვისება მოსთხოვა.
ესპანური გაზეთის მტკიცებით, იკერ კასილიასის შეძენა „მანჩესტერ სიტის“ მოუნდა.
უახლოეს დღეებში ბრიტანული კლუბის წარმომადგენლები მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდება და კასილიასის სატრანსფერო ღირებულების დასახელებას მოსთხოვს.