გასულ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში გახორციელებულ წყლის რეაბილიტაციის პროცესს არც სამუშაოების მიმდინარეობისას აკლდა მითქმა-მოთქმა და არც ახლა აკლია. უფრო მეტიც, გასულ პარასკევს მუნიციპალიტეტის გამგეობას ფინანსური პოლიციის თანამშრომლები სტუმრობდნენ, რომლებმაც აღნიშნული სამუშაოების დოკუმენტაცია წაიღეს შესასწავლად.
საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს იჩინა თავი გარკვეულმა პრობლემებმა. ჯერ იყო და შესრულებული სამუშაოებით, თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო. დაზიანდა შიდა გზები, მილებისთვის განკუთვნილი არხების ამოვსება თვეობით დაგვიანდა, ხალხს ყანებიდან ამოტანილი დოვლათის სახლებში შეტანა გაუჭირდა, რადგან ჭიშკართან მისასვლელი გზა გადათხრილი იყო. მილების ჩადების და ზედაპირის მოსწორების შემდეგაც ბევრი ხარვეზი გამოჩნდა და მოსახლეობაც აქტიურად აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს.
ამას ისიც დაემატა, რომ ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრი ხელს არ აწერდა ორი სოფლის _ შუხუთისა და ნიგოითის პროექტების შესრულების აქტს და საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამ ადამიანების ხელწერის გარეშე მაინც ჩაბარდა ორივე ობიექტი და მეოთხე ეტაპის ნარჩენი თანხა 31 დეკემბერს, დღის ბოლოს გადაირიცხა.
"გურია ნიუსის " ინფორმაციით, 10 პროექტიდან რვაზე, შესრულებული სამუშაოების გადარიცხვაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე აწერს ხელს, ხოლო ორ პრობლემურ პროექტზე _ გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი. როგორც ირკვევა, მაშინ გამგებელს სასწრაფოდ მოუხდა ქობულეთში გამგზავრება და ზენაიშვილს სწორედ მას შემდეგ მოუწია გადარიცხვაზე ხელის მოწერა.
ასე თუ ისე, ორი მუხლით არის გამოძიება დაწყებული _ გადასახადებისთვის თავის არიდება და თანხების მითვისება-გაფლანგვა. აღნიშნულ საკითხში გარკვევის მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაადასტურა შარშან შემოდგომაზე დაწყებული წყლის რეაბილიტაციის პროექტებით ფინანსური პოლიციის დაინტერესება.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გასული კვირის პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია. ხომ ვერ გვეტყვით, კონკრეტულად, რა დოკუმენტაცია წაიღეს?
_ ფინანსური პოლიცია დაინტერესდა წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტით, რომელზეც 2013 წლის სექტემბერში გამოცხადდა ტენდერი მუნიციპალიტეტის 10 სოფელში და მასში გაიმარჯვა ფირმა "არქდიზაინმშენმა ". 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი საამისოდ, ფირმამ კი ტენდერი 600 ათას 777 ლარით მოიგო. მიმაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებულად და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოები, რაც კი ბოლო ათი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში გახორციელებულა ამ სფეროში. შედეგად მივიღეთ ის, რომ ყველა სოფელს მიეწოდება წყალი, თანაც პროექტით გათვალისწინებულზე 200 ოჯახით მეტმა ისარგებლა ამით.
_ გარკვეული პრობლემები რომ ჰქონდა აღნიშნულ ფირმას სამუშაო პროცესში მოსახლეობასთან, ეს ბევრისთვის ცნობილია. რა იყო ამის მიზეზი?
_ იყო გარკვეული უკმაყოფილება. მოსახლეობა, მოგეხსენებათ, მოუხელთებელი ცნებაა, ის შედგება კონკრეტული პიროვნებებისგან, რომლებშიც არსებობს მუდმივად უკმაყოფილო ადამიანების კატეგორია. ამ ხალხთან ყოველთვის არის პრობლემა. ერთი იყო, რომ "არქდიზაინმშენს " მილების ჩადების პროცესი გაეწელა. ამასობაში, მოსავლის აღებამ მოუსწრო და მოსახლეობას გადათხრილ ქუჩებში პრობლემები მართლაც შეექმნა, მაგრამ თუ ობიექტურად შევაფასებთ, ყველა მშენებლობას გარკვეული დისკომფორტი მოაქვს.
_ ობიექტის ჩაბარების შემდეგ გამოსწორდა არსებული ხარვეზები, რომლებიც საკმაოდ ბევრი იყო?
_ რა თქმა უნდა. ფირმას ოთხწლიანი ვალდებულება აქვს, არსებული ნაკლოვანებები გამოასწოროს, განსაკუთრებით, ისეთი, რომელიც მშენებლობის პერიოდში არ ჩანდა და შემდეგ იჩინა თავი. ასეთი შემთხვევების აღმოფხვრა დღესაც გრძელდება. კერძოდ, გვიმბალაურში არსებულ წყალსადენს დიდი წნევის გამო პრობლემები შეექმნა, რაც პროექტით გათვალისწინებული არ იყო. ჩვენ წერილით მივმართეთ "არქდიზაინმშენს " არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად და რამდენიმე დღეში ეს სამუშაოები დასრულდება კიდეც.
_ ადასტურებთ, რომ, დღესდღეობით, წყალი ყველა ოჯახს უპრობლემოდ მიეწოდება?
_ კი, ვადასტურებ, მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი _ თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს რაღაც, რაც ფირმას და გამგეობას არ ევალება. თავად უნდა ზრუნავდნენ გაკეთებულის მოვლაზე. "საბანი, როგორც გადაგწვდებაო ", _ ხომ გაგიგიათ?! ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს, მაგრამ რა თანხაც იყო გამოყოფილი, იმით მეტი ვერც გაკეთდებოდა. ერთიცაა, წესით, ჯერ პრობლემის შესწავლა უნდა მოხდეს, ყველაფერი გაითვალოს და პროექტიც მერე შედგეს. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით ხდება, კონკრეტულ თანხას ვარგებთ პროექტს და ასეთი მიდგომა თავისთავად ქმნის ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს. მოკლედ, საქმე კარგად კეთდება, მაგრამ უკეთესად შეიძლება. ამას კი სხვა თანხები და სხვა დონის პროექტები სჭირდება.
_ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში გარკვეული პრობლემები, ძირითადად, ორ სოფელში _ შუხუთსა და ნიგოითში გამოიკვეთა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრმა სამუშაოს შესრულების აქტის ხელისმოწერაზე უარი განაცხადა. რატომ, რა იყო ამის მიზეზი?
_ მართალია, როგორც თანამდებობის პირს გარკვეული ზედამხედველობა მევალებოდა, თუმცა, არც კომისიის და არც ინსპექტირების ჯგუფის წევრი არ ვყოფილვარ. როგორც ვიცი, გარკვეულ ეტაპზე გამოიკვეთა ჯგუფის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა. მიზეზი ამისა იყო ის, რომ ამ ორ სოფელში სათავე-ნაგებობები პროექტით სხვა იყო, რეალურად კი სხვა გაკეთდა. ნაწილი ამბობდა, რომ ცვლილებები პროექტში აუცილებელი იყო საქმისთვის, ამით უფრო მეტი ეფექტი იქნებოდა, გაცილებით ნაკლები დანახარჯით. მე როცა საქმის არსში გავერკვიე, ამ ადამიანების მხარე დავიჭირე, რადგან მიმაჩნდა, რომ მათ საქმისადმი სწორი მიდგომა ჰქონდათ. ეს მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მყოფებს შევეკითხე _ პროექტით გაკეთებულს თუ ექნება სხვა შედეგი-მეთქი. მათ მიპასუხეს, არა, შედეგი იგივე იქნებაო. ჰოდა, რატომ უნდა დამეჭირა მხარი იგივე საქმის ბევრად მეტი ხარჯით გაკეთებისთვის? მე პირადად გახლდით ორივე სოფლის სათავე-ნაგებობაზე. ფეხით, თავსხმა წვიმაში კილომეტრები გავიარე. მე არავის ვამადლი ამას, მაგრამ ადგილზე საქმის გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ თუ პროექტით შესრულდებოდა სამუშაოები, ეკოლოგიური პრობლემებიც იჩენდა თავს. ამით ნათლად გამოიკვეთა, რომ მშენებლების პოზიცია მართებული და მომგებიანი იყო.
_ და მაინც, ინსპექტირების ჯგუფის რამდენიმე წევრის ხელმოწერის გარეშე, ობიექტი ჩაიბარეთ და საბოლოო ანგარიშიც გაასწორეთ "არქდიზაინმშენთან "…
_ კანონიერად მოხდა ეს ყველაფერი. სანამ ფულს გადავრიცხავდით ექსპერტებთან, სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები. სხვათა შორის, მხარის გუბერნიიდანაც იყო წარმომადგენელი, რომელსაც ოფიციალურად არ ქონდა დასკვნის დაწერის უფლება, მაგრამ სიტყვიერად დაგვიდასტურა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება ნარჩენი თანხა _ 90 ათასი ლარი ჩაგვერიცხა. თანხის გადარიცხვის შემდეგ მოვიწვიეთ ექსპერტი, რომელმაც ჩვენი ქმედების სისწორე დაადასტურა. რადგან გამგებელი მივლინებაში გახლდათ, ხელი გადარიცხვაზე მე მოვაწერე. სხვა შემთხვევაში, ეს თანხა დაიკარგებოდა, ფირმა კი საჩივარს შეიტანდა სასამართლოში და ჯარიმის გადახდა მოგვიწევდა. ზედმეტი მატერიალური ზარალი ავაცილეთ ბიუჯეტს, მეწარმის ინტერესებიც დავიცავით და მოსახლეობისაც. რა არის ამაში ცუდი?
_ კი, მაგრამ, პროექტით გასაკეთებელი საქმე შემსრულებელმა სხვაგვარად შეასრულა, ამაში თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ?
_ მე ვფიქრობ, რომ სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამაზეც გვაქვს პასუხი. თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ძველი პროექტით ამ საქმის გაკეთება უმჯობესი იყო, ეს ფირმა მზადაა ყველაფერი შეცვალოს.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ხელი არ მოაწერეს დასკვნას, ეს მათი გადასწყვეტია და მათ ხედვაშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი. უბრალოდ, ეს აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია და სწორედ ასეთ აზრთა ჭიდილში იბადება სრული ჭეშმარიტება. ეს სრულიად ჯანსაღი პროცესია.
სხვათა შორის, თავის დროზე ჩვენ პროკურატურას მივმართეთ, გამოეძიათ თუ რატომ იყო პროექტები შედგენილი არაკვალიფიციურად და გარკვეული ხარვეზებით. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ არ გავურბივართ სამართალდამცავ ორგანოებს, პირიქით, მათთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ.
ერთსაც დავძენ, იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობდა, რას ვიტკიებთ თავს, გავაკეთოთ ისე, როგორც პროექტი მოითხოვსო. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ ასეთ მიდგომას ვერასდროს შევეგუები. სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ბოლო 10 წელიწადში ბევრი წყლის რეაბილიტაციის პროექტი გაკეთებულა, მაგრამ დღესაც წყალი არსად არ მოდის ნორმალურად. ისე მაინტერესებს, დაინტერესდება თუ არა შესაბამისი ორგანოები აღნიშნული პროექტებით?
საგულისხმო დეტალები გამოიკვეთა წყლის რეაბილიტაციის პროექტების ინსპექტირების ჯგუფის მაშინდელ ხელმძღვანელთან რომან ბიწაძესთან საუბრისას:
_ ფინანსური პოლიციის მიერ გარკვეული პროექტების დაინტერესების შესახებ ჩემთვის ორშაბათს გახდა ცნობილი, სხვა დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. მე მხოლოდ ერთი შემიძლია განვაცხადო, რომ სრულფასოვნად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხს გავცემ ყველა კითხვას. მეტ-ნაკლებად ვფლობ ინფორმაციას და შემიძლია, დანამდვილებით განვაცხადო, რომ ფორმა ორსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის სხვაობა ნამდვილად არაა.
_ სამუშაოების მსვლელობის დროს ბევრ ხარვეზზე იყო საუბარი. თქვენი ჯგუფის რამდენიმე წევრიც ღიად საუბრობდა ამაზე და საბოლოოდ, მათ ხელიც არ მოაწერეს შესრულების აქტს. რამ განაპირობა მათი ასეთი პოზიცია?
_ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ხარ ინსპექტირების ჯგუფში, სრული უფლება გაქვს, რამეს ხელი ან მოაწერო ან არა. ამ ხალხს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვა ან დასკვნა, თუ რატომ არ აწერდნენ ხელს. პირად საუბარში კი რასაც ამბობდნენ, ამას ფინანსურ პოლიციას განვუცხადებ, ან თავად იტყვიან.
აქ იყო ერთი ლაფსუსი _ ობიექტი ჩაბარდა 16 დეკემბერს, ოთხი დღის შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ინსპექტირების ჯგუფს რამდენიმე ადამიანი დაემატა, მანამდე კი 10 დეკემბერს მოხდა იმ სოფლის რწმუნებულების დამატება, სადაც რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდებოდა.
_ რატომ მოხდა ასე, რამ განაპირობა ამ ადამიანების შეყვანა ინსპექტირების ჯგუფში?
_ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს წევრები იყვნენ შუხუთისა და ნიგოითის პროექტების შესრულების აქტზე ხელისმოწერის წინააღმდეგები. თუმცა, იურიდიული ძალა 20 დეკემბერს შესული ადამიანების ხელმოწერას, ბუნებრივია, არ გააჩნია, რადგან ობიექტი უკვე ორი დღის ჩაბარებული იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ამირან გიგინეიშვილს, რომელმაც ბრძანებების დაწერის საფუძვლად შემდეგი არგუმენტი მოიყვანა:
"მე, ბუნებრივია, არ დამესიზმრებოდა და ჩემი ინიციატივით არ შევცვლიდი ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობას. გამგეობიდან შემოტანილი საკითხების საფუძველზე მოვახდინე ცვლილება, ანუ გამგეობამ მოითხოვა აღნიშნული პირების დამატება და ბრძანებაც ამიტომ დავწერე. გამოდის, თუ რამე არასწორია, შეცდომაში შეგნებულად შემიყვანეს".
რატომ მოითხოვა გამგეობამ ინსპიქტირების ჯგუფში წევრთა მატება, მაშინ, როცა უკვე ობიექტი ოთხი დღის ჩაბარებული იყო, ამაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა:
"არ მახსოვს, ყველაფერს გამოძიება გარკვევს. ისე კი, გარკვეული ხარვეზები რომ იყო, ამიტომაც დაინტერესდა ფინანსური პოლიცია", _ გვითხრა ურუშაძემ.