(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის გამგებლის მოადგილედ კახაბერ ასკურავა უკვე ოფიციალურად დაინიშნა. გურიის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი ბოლოს ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ. ასკურავა სამი წლის წინ უკვე იყო ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე. გია გოგუაძეს სამი მოადგილე ეყოლება _ ასკურავამდე ეს თანამდებობები ნუგზარ ღლონტმა და გიორგი ჭყონიამ დაიკავეს. კახაბერ ასკურავამ ინფორმაცია გამგებლის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ერთი კვირის წინ არც უარყო და არც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ იგი პოლიტიკაში “ნაციონალებთან” ერთად მოვიდა, შემდეგ ოპოზიციაში გაჰყვა ლანჩხუთის მაჟორიტარ ბიძინა გუჯაბიძეს (ასკურავა მისი ბიუროს უფროსი გახლდათ), 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ დატოვა “კონსერვატორები” და დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭი მშობლიურ ნიგოითის თემში იყარა. არჩევნებში დამარცხებული ასკურავა მალე გამგებლის მოადგილე გახდა, საიდანაც გურიის გუბერნატორად რამაზ ნიკოლაიშვილის დანიშვნის შემდეგ, მის მოადგილედ გადაიყვანეს. სამი წელი იმუშავა ჯერ ნიკოლაიშვილის, შემდეგ ვალერი ჩიტაიშვილის მოადგილედ და რამდენიმე თვის წინ ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად გადავიდა. პოლიტიკაში მას ნიკა გვარამიას, კახი ანჯაფარიძისა და მურთაზ ზოდელავას კადრად მოიაზრებენ, თუმცა, ბოლო დანიშვნას რეგიონის პირველკაცს მიაწერენ _ ასკურავა ჩიტაიშვილის კადრადაც მოიაზრება.