19 ოქტომბერს, ქალაქ ყვარელში, ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი _ "შემოდგომის რიტმები" გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთიდან ხალხური ცეკვების ანსამბლი "იმედი" სტუმრობდა (ხელმძღვანელი გია ხუხუნაიშვილი). მონაწილეთა თქმით, ფესტივალი საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო _ მასში, გარდა საქართველოს რეგიონებისა, წარმოდგენილი იყო ანსამბლები სომხეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან.
ლანჩხუთელები ფესტივალზე საკმაოდ წარმატებით გამოვიდნენ _ მათ "განდაგანა", "მთიულური" და "ზეკარი" წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. მაყურებელი, განსაკუთრებით, "ზეკარის" შესრულებით მოიხიბლა.
გურული მოცეკვავეები კახეთში გამართული ფესტივალიდან ხელცარიელები არ დაბრუნებულან _ ანსამბლის წევრებს ლაურეატის წოდება მიანიჭეს, ხოლო თავად ანსამბლის ხელმძღვანელი გია ხუხუნაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვეს.