საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო დიალოგის პირველი (საკანონმდებლო) ფაზეს მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეუდგეს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიესალმება საშინაო საქმეთა ევროკომისარის ქ-ნ სესილია მალმსტრომის დადებით შეფასებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევასთან დაკავშირებით", _ ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.