"გურია ნიუსი" წლების განმავლობაში წერდა ქალაქ ოზურგეთში, სიკო დოლიძის ქუჩაზე დამწვრეტი არხის პრობლემის შესახებ. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. დღეს, სოციალურ ქსელში, ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მარინა სუნგულიამ შემდეგი სახის მიმართვა გააკეთა.
"დამეხმარეთ! 10 წელია ასეთი სურათია წვიმის შემდეგ ჩემი სახლის წინ".
"გურია ნიუსი" მარინა სუნგულიას დაუკავშირდა:
"ნაცმოძრაობის მმართველობის დროს დაიწყებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ბოლომდე არ მიყავდათ დაწყებული საქმე, ასე მოხდა 2012 წლის შემდეგაც, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა.
თუ რატომ არ ხდებოდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ხშირად სასაცილო არგუმენტებს ვისმენდი, თურმე იქ პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე, მარინა სუნგულია და ტიფო მიქატაძე ცხოვრობდა (?!). ახლა გავიგე, რომ პროექტი უკვე დაწერილია და აპირებენ საქმის ბოლომდე მიყვანას, ვნახოთ, რა იქნება. ძლიერი წვიმის დროს ისევ ვიტბორებით და ვითხოვთ დახმარებას", _ თქვა მარინა სუნგულიამ.
ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ სტიქიამ ბოლო დროს დიდი ზარალი მიაყენა ოზურგეთს.
"ბოლო დროს სტიქიის ზარალი 3 400 000 ლარამდე ავიდა. ყველას მივაქცევთ ყურადღებას და მიმდინარეობს პროექტებზე მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ სიკოს დოლიძის ქუჩის რეაბილიტაცია ნამდვილად იგეგმება და ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება", _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.