რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ "AS" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
"სამეფო გუნდის" ხელმძღვანელობა კლუბის იტალიელი თავკაცის, 55 წლის კარლო ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილია და ფეხბურთის ამ ღვაწლმოსილ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
ესპანური მას-მედიის მტკიცებით, უახლოეს დღეებში "კარლიტოს" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. ბატონი კარლო მადრიდში ალბათ 2017-2018 სეზონის დასრულებამდე დარჩება.
ანჩელოტიმ "რეალი" 2013 წელს ჩაიბარა. უნდა ითქვას რომ ერთი წლის განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავა.
მისი ხელმძღვანელობით კრიშტიანო რონალდომ და "კომპანიამ" ერთი სეზონის განმავლობაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის თასისა და ევროპის სუპერთასის მოგება შეძლო.
ესპანეთის მიმდინარე პირველობაზე უკვე ათი ტურია გასული და კატალონიური "ბარსელონას" ბოლოდროინდელი მცირე კრიზისის შემდეგ მადრიდის "რეალი" საფეხბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში მოთავსდა.
რაც შეეხება "ბარსელონას". ესპანური სპორტული მას-მედიის ინფორმაციით, ბატონი ლუის ენრიკე შეიძლება თავის თანამდებობას უახლოეს დღეებში გამოეთხოვოს.
ამ გუნდის ხელმძღვანელობას ამ სპეციალისტის მიმართ გარკვეული კრიტიკული განწყობა გააჩნია. გყავდეს მესი, ნეიმარი და "კბენის მოყვარული" სუარესი. წესითა და რიგით ნებისმიერ მეტოქეს წარმატების შესაძლებლობა არ უნდა დაუტოვო. სამწუხაროდ ბოლო დროს "ბარსა" ვერ გვახარებს. ყოველივე ამას ალბათ ენრიკეს მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლება მოჰყვება.